მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალში „სამშობლო“ რუსი ჯაშუშის როლს ითამაშებს

სერიალის პერსონაჟი, რომელსაც მერაბ ნინიძე განასახიერებს, აშშ–ის პრეზიდენტის მოკვლას გეგმავს
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მთელ მსოფლიოში მილიოობით მაყურებლისთვის საყვარელი და პოპულარული ამერიკული სერიალის „სამშობლო“ (Homeland) მეშვიდე სეზონში გამოჩნდება.

მსახიობის თავყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია Instagram–ში შოუმენმა ბახვა ბრეგვაძემ გამოაქვეყნა. ნინიძე მეშვიდე სეზონის მე–11 სერიაში რუსი ჯაშუშის, მიროვის როლს შეასრულებს. ნინიძის გმირი აშშ–ის პრეზიდენტი ქალის მოკვლის სპეცოპერაციას ამზადებს.

BBC-ზე მერაბ ნინიძის მონაწილეობით ტელესერიალი McMafia იწყება

ეს ნინიძის პირველი ნამუშევარი არ იქნება ინგლისურენოვან სერიალში. 2017 წელს მსახიობი გადაიღეს BBC–ს სერიალში „მაკმაფია“.კრიმინალური დრამა მიშა გლენის ბესტსელერის McMafia: Crime without Frontiers ტელეადაპტაციაა, რომელიც გლობალური დანაშაულის გამოძიებასა და მის ყოვლისმომცველ ზეგავლენას ეხება.

„სამშობლო“ ამერიკული ტელესერიალია ფსიქოლოგიური ტრილერის ჟანრში. მისი პრემიერა 2011 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა. სერიალი დაფუძნებულია გიდეონ რაფის ისრაელის ორიგინალურ ტელესერიალზე „სამხედრო ტყვეები“. პირველმა სეზონმა ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ ავტორებმა მისი გაგრძელება გადაწყვიტეს.

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა.

1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.