რისთვის ჩამოვიდნენ „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები საქართველოში

რუსი სპეციალისტების ვიზიტის ძირითადი თემა - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაა
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული მეთვალყურეობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორი“) სამი თანამშრომელი საქართველოში ჩამოვიდა, რათა  აზიური ფაროსანას გავრცელების საკითხი განიხილოს, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

აზიურ ფაროსანას გავრცელებისა და შემდგომში მათი განადგურების პრობლემა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის პრობლემაა. დეკემბერში სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები თბილისში შეიკრიბნენ, რათა საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები განეხილათ. უცხოელმა ექსპერტებმა ერთმანეთს მავნებელთან ბრძოლის  ქიმიური, მექანიკური და ბიოლოგიური მეთოდების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

 „მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართველი სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის კოლეგა-სპეციალისტებთან, რომელთათვისაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

Грузия готовится к борьбе с мраморным клопом

კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს მავნებლის პოპულაციის შემცირებას და ამასთან, შეამცირებს აგრარულ სფეროში ზარალის ოდენობას, აღნიშნავენ პრეს-სამსახურშ.

ამ დროისთვის დგინდება, კონკრეტულად რომელ რეგიონში გაემგზავრებიან რუსი სპეციალისტები, განაცხადეს სააგენტოში. 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის აშშ საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყოფს

სურსათის უვნებლობის სააგენტოში როგორც აღნიშნავენ, ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტური გეგმის შესამუშავებლად საქართველოში მოწვეულია მოწინავე სპეციალისტები კანადიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ მავნებლებთან ბრძოლის. 

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გარცელდა. აზიურმა ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყოფს.

საქართველოს მთავრობის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

2018 წელს აზიური ფაროსანას პოპულაციისა და გავრცელების მონიტორინგი გაძლიერდება. მავნებლის მოსაზიდად სახელმწიფო 100 ათას ფერომონს შეიძენს. სპეციალური ხაფანგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განთავსდება.

სახელმწიფო ასევე მილიონ ჰექტრამდე მიწის ქიმიურ დამუშავებას გეგმავს. ამისათვის 360 ტონა პრეპარატის გამოყენებაა დაგეგმილი.