თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძარცვის, იარაღის მისაკუთრებისა და გამოძალვის ბრალდებით კახეთში 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ორ აპრილს, დამნაშავემ სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილი ავტომობილი გასტაცა, შემდეგ საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით განყოფილების მორიგე პოლიციელისთვის იარაღის გამოძალვა სცადა.
ბრალდებულმა საპატრულო პოლიციის განყოფილებიდან გაქცევა მოახერხა.
სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს და დამნაშავე ცხელ კვალზე, სოფელ ბაკურციხეში დააკავეს.
გამოძიება ძარცვის, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს, რომელიც 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.