თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლეილა აბაშიძის ოჯახსა და ახლობლებს, ასევე მთელ ქართველ საზოგადოებას საყვარელი მსახიობის გარდაცვალების გამო ღრმა სამძიმარი გამოუცხადეს.
ლეილა აბაშიძე კვირას 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო თვეში მსახიობი მძიმედ იყო ავად და საავადმყოფოშიო იმყოფებოდა.
„ლეილა აბაშიძის კინოროლები დაუვიწყარია, მან არაერთი თვალსაჩინო სახე შექმნა, მაყურებლის უდიდესი სიყვარული კი მსახიობის შემოქმედების ნათელი აღიარებაა. ლეილა აბაშიძის შემოქმედება სამუდამოდ ეკუთვნის ქართველ ხალხს“, — დაწერა მარგველაშვილმა Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ლეილა აბაშიძის შემოქმედებამ ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლის ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს. ლეილა აბაშიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი კინოს ისტორიაში. მისმა შექმნილმა კინოგმირებმა, რომლებიც ძალიან ახლობელი, დაუვიწყარი და გამორჩეულად ძვირფასია მაყურებლისთვის, იგი ნამდვილ კინოვარსკვლავად აქცია. ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი მსახიობის გარდაცვალებას“, — ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის ტექსტში.