გლოვის ღამე - ტყიბულელები დაღუპულ მეშახტეებს ბოლო ღამეს გაუთენებენ

5 აპრილის ღამეს ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. დღეს, 20:00 საათზე ტყიბულელი მეშახტეები და მოსახლეობა თეატრის წინ შეიკრიბებიან, რათა დაღუპული მეშახტეების ხსოვნას პატივი მიაგონ, ნათქვამია ტყიბულელი მეშახტეების განცხადებაში, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. 

საქართველოს პატრიარქმა ტყიბულის შახტში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

2018 წლის 5 აპრილის ღამეს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია მოხდა. ამ დროისთვის არსებული  ინფორმაციით, შახტში, დაახლოებით 03:45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე. წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამმა კი  სხეულის დაზიანებები მიიღო. 

ტყიბულის სამთო-მომპოვებელი კომბინატების თანამშრომლები საზოგადოებას მეშახტეების „გლოვის ღამეზე“ სანთლებითა და ყვავილებით ელოდებიან.

„მთელი ქალაქი თეატრის წინ იკრიბება, რათა ბოლო ღამე გავუთიოთ ჩვენს დაღუპულ ბიჭებს. ეს ტყიბულის ღირსების საკითხია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. დაშვებული იყო სახელმწიფო დროშები. გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს საქართველოს პირველმა პირებმა მიუსამძიმრეს. 

საქართველოში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

„ტყიბული გლოვობს დაღუპულ მეშახტეებს. ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. ტყიბულელები ყოველ დღე ვკარგავთ ამ ქალაქის საუკეთესო ბიჭებს და ვერ ვახერხებთ ამ მოცემულობის შეცვლას. ბოლო 11 თვეში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა, რომლებიც მწამებლური სიკვდილით დაიღუპნენ შახტაში. აქ ადამიანების დაღუპვა და დასახიჩრება ყოველდღიურობად იქცა. ეს ქალაქი ამას არ იმსახურებს“,- ნათქვამია მეშახტეების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა), რომელიც ითვალისწინებს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლებს აღკვეთას.

2009-2014 წლებში მინდელის მაღაროში 15 მუშა დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულს აღემატება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ტყიბულში 11 მეშახტე დაიღუპა.  ასევე, ორიოდე კვირის წინ ჭიათურის მაღაროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.