ფილმი „დედე“ ვენის ფესტივალზეა წარდგენილი

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, კიდევ ერთი ქართული ფილმი „ანა“ იქნება წარდგენილი
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე" ვენაში აპრილში დაგეგმილ LET’S CEE Film Festival-ზე  იქნება წარდგენილი, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის  ეროვნული ცენტრი Facebook-გვერდზე.

„დედე“ ფესტივალზე კატეგორიაში Promising debuts წარდგება და ფილმის პრემიერაზე მთავარი როლის შემსრულებელი ნათია ვიბლიანი არის მიწვეული.

„დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ფილმმა მრავალი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას.

Air France-ის თვითმფრინავებში ქართულ ფილმ „დედეს" აჩვენებენ

ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, ხოლო მსახიობების უმეტესობა სვანები არიან.

„დედე“ ოთხი ქვეყნის კოპროდუქცია: საქართველოს, ირლანდიის, კატარის და ჰოლანდიის. მთავარ როლებში: გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე, ნუკრი ხაჭვანი.

ფილმი „დედე" კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. ხაჭვანის სურათი, რომელიც მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში East of the West, ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. 2017 წლის ოქტომბერში ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: პოლონეთის კინოფესტივალ „ტოფიფესტზე" საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ანგელოზით" დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში, მონპელიეს Cinemed-ის ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის პრიზი მოიპოვა. შემდეგ კი პრესტიჟული საერთაშორისო Asia Pacific Screen Awards-დან (APSA) გამარჯვებული დაბრუნდა.

სვანური ტრადიციები და სიყვარული – თბილისში ფილმ „დედეს" პრემიერა გაიმართება

ფილმის ქართული პრემიერა 2018 წლის 22 თებერვალს გაიმართა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, კიდევ ერთი ქართული ფილმი — „ანა/იძინებს მზე" იქნება ნაჩვენები, რომელსაც ფილმის რეჟისორი მარგო ზუბაშვილი ფესტივალზე თავად წარადგენს. საავტორო კინოს ХII საერთაშორისო ფესტივალზე BIAFF, რომელიც ბათუმში 2017 წლის 17-24 სექტემბერს ჩატარდა, ფილმ „ანას“ ჟიურის დიპლომი გადაეცა.

ავსტრიის დედაქალაქი LET’S CEE Film Festival-ს 13-22 აპრილს უმასპინძლებს.