თბილისის საბავშვო ბაღებში ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებს დააყენებენ

სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებს დაამონტაჟებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის თქმით, უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებით საბავშვო ბაღების ყველა შენობა არის უზრუნველყოფილი, თუმცა დამატებითი ინვენტარის შესაძენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სააგენტო შესაბამის ტენდერს აპრილის ბოლოს გამოაცხადებს.

თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობა შეჩერდა

„ბავშვების უსაფრთხოება ჩენი პრიორიტეტია. სახანძრო უსაფრთხოების მიზნით ძირითადი სტანდარტი: სტენდები, ცეცხლმაქრები და ა.შ. დაცულია. ამ ყველაფრით საბავშვო ბაღები უზრუნველყოფილია, მაგრამ არის ასევე დამატებითი ინვენტარი, რომლითაც ჩვენ მივაწვდით საბავშვო ბაღებს. ეს არის დეტექტორები, რომლებიც კვამლის გაჩენის შემთხვევაში რეაგირებს“, —  განუცხადა გვანცელაძემ სააგენტოს.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, განისაზღვრება, რა სახის დახმარება ესაჭიროება ამა თუ იმ საბავშვო ბაღს, რათა სახანძრო უსაფრთხოება სკოლამდელ დაწესებულებებში მაქსიმალურად იყოს დაცული.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ითანამშრომლეს.