პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია: მარგველაშვილი სკანდალურ ბრალდებებს უარყოფს

მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მის დისკრედიტაციას ცდილობს
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მისი მეუღლის ნათესავის შეწყალებასთან დაკავშირებულ სკანდალს უწოდა შავი პიარ-კამპანიის მეორე ტალღა, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატული საქართველომ“ ააგორა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ვანო ზარდიაშვილმა აპრილის დასაწყისში მარგველაშვილი და შეწყალების სახელმწიფო კომისია მიკერძოებულობაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც პრეზიდენტის მეუღლის ნათესავი ირაკლი ქორიძე, რომელიც 2014 წელს შეიწყალეს, თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის შესახებ გახმაურებული საქმის ფიგურანტი გახდა.

ნარკოტიკების ჩამოტანა თურქეთიდან - „ბახალას“ ბრალი დაუმძიმდა

ეს მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მისამართით პირველი ბრალდება არ არის. მიმდინარე წლის იანვარში მარგველაშვილი მკაცრად გააკრიტიკეს, როდესაც მას არ მოეწონა სასამართლოს გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც მას სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების გამო გამოუტანეს.

„მაშინ იყო არარეალური ბრალდებები და კომიკური, უნიჭო შავი პიარი, ახლა მეორე ტალღა დაიწყო, რომელიც ირაკლი ქორიძეს უკავშირდება. ეს ორი ტალღა დაწყებულია იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აყალიბებს საპრეზიდენტო კანდიდატს, და სანამ საპრეზიდენტო კანდიდატს არ ჩამოაყალიბებენ, საჭირო არის პრეზიდენტზე გამოგონილი თავდასხმის განხორციელება“, — განაცხადა მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. 

ამავე დროს პრეზიდენტმა მისი მისამართით ნეპოტიზმში გამოთქმულ ბრალდებებს უსამართლო უწოდა.

პრეზიდენტის შეწყალების უფლება აბსოლუტური არ არის?

„დღეს ნათესაობაზე ლაპარაკობს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ისეთი სასამართლო სისტემა შექმნა, მოსამართლე რომ ამბობდა, დედა ნათესავი არ არისო. და ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას მხარს უჭერდა, დღეს მე მეუბნება, რომ ჩემი მეუღლის ბიძაშვილის ყოფილი მეუღლე არის ჩემი ნათესავი… შეწყალების სისტემა და შეწყალების კომისია არის ერთ-ერთი სწორად ორგანიზებული სისტემა, იქ ძალიან წესიერი ადამიანები მუშაობენ, იქ არ არის არავითარი კორუფცია ან ნეპოტიზმი“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ის არ იცნობს არც ქორიძეს, არც თავისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ბიძაშვილს.

„ირაკლი ქორიძის ყოფილი მეუღლე, სავარაუდოდ, ძალიან კარგი ქალბატონია, რომელსაც სულ ტყუილად მოიხსენიებენ. მას არ ვიცნობ, მაგრამ აუცილებლად გავიცნობ, რადგან ის ჩემი მეუღლის ბიძაშვილია. მასთან კონტაქტი არ არის, არც მინახავს“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ქორიძეს 2011 წელს 300 აბი „სუბუტექსის“ შემოტანისთვის 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. 2013 წელს, როდესაც მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, ამნისტიის ფარგლებში ქორიძეს პატიმრობა 13 წლამდე და 9 თვემდე შეუმცირდა, ხოლო 2014 წელს ის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა.

შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივას წარმოადგენს. შეწყალების კანდიდატთა სიას შეწყალების სახელმწიფო კომისია შემოსული განცხადებების შესწავლის შემდეგ წარმოუდგენს.