არასაპარლამენტო ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

იმ პარტიებიდან, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ერთმა პარტიამ წამოაყენა
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ათმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ გამოუცხადა ბოიკოტი შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს ვანი-ხონის ოლქში, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შუალედური არჩევნები ვანი-ხონის ოლქში 28 აპრილს გაიმართება. არჩევნები იმიტომ დაინიშნა, რომ დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა.

არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტულმა პარტიამ, კახა კუკავას პარტიამ „თავისუფალი საქართველო“, ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“, იუსტიციის  ყოფილი მინისტრის, გიორგი ვაშაძის პარტიამ „ახალი საქართველო“ და სხვ.

იმერეთის ექს-გუბერნატორი დეპუტატობისთვის იბრძოლებს

უარის მიზეზად დასახელდა უთანასწორო საარჩევნო გარემო, არათანაბარი ფინანსური რესურსები, საარჩევნო კომისიების ფორმირების პრინციპი, სადაც ადგილების უმრავლესობას მმართველი პარტიის წევრები იკავებენ, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

„მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების უარი საარჩევნო გარემოს რეფორმირებასა და დემოკრატიული მოდელის შემუშავებაზე, აზრს უკარგავს ქვეყანაში ყოველგვარ არჩევნებს. აღნიშნულის გამო, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს ვუცხადებთ 28 აპრილს ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს“, — მოჰყავს ტელეკომპანიას პარტიების განცხადების ტექსტი.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ სხვა პარტიებსაც მოუწოდა მათ მაგალითს მიბაძოს.

საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატთა რეგისტრაცია 29 მარტს დასრულდა. რვა კანდიდატი პარტიებიდან დარეგისტრირდა და ერთი — საინიციატივო ჯგუფიდან. კანდიდატების მოხსნა პარტიებს 16 აპრილამდე შეუძლიათ. იმ პარტიებიდან, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, არჩევნებში მხოლოდ კახა კუკავას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი შოთა მაქაცარია მონაწილეობს. დანარჩენ პარტიებს, რომლებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს, საარჩევნოდ რეგისტრაცია არ გაუვლიათ.

ვარაუდობენ, რომ სადეპუტატო სავარძლისთვის ძირითადი ბრძოლა წარიმართება „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იმერეთის ყოფილ გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესა და პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატს, თბილისის ვიცე-მერ გიგი უგულავას შორის.