ჩარტერული რეისი იერუსალიმიდან თბილისში შუაღამეს დაეშვება

წმინდა ცეცხლს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში მიაბრძანებენ.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ქართველ მომლოცველთა 94-კაციანი ჯგუფი იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს თბილისის აეროპორტში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აეროპორტში მომლოცველებს სასულიერო პირები და მრევლი დახვდებათ. ცეცხლის წაღებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. წმინდა ცეცხლს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში მიაბრძანებენ.

მიტროპოლიტმა შიომ და სასულიერო პირებმა მცხეთა აკურთხეს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:16 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

ცეცხლის გადმოსვლის საიდუმლოში მონაწილეობენ არაბი ქრისტიანები, რადგან  სწორედ ასე — ხმამაღალი შეძახილებით და საყვირებით — ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. 

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი გადმოვიდა - ვიდეოკადრები

ცეცხლის გადმოსვლისთვის ლოცულობენ ბერები და ასევე ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე — მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქმა აანთო სანთლები, იქ დამსწრე მომლოცველები დალოცა და წმინდა ცეცხლი დაურიგა, ცეცხლი თავიდან არ არის მხურვალე, არ წვავს.

არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლი არ გადმოვა, ეს მოვლენა ანტიქრისტეს მოსვლის და სამყაროს აღსასრულის მომასწავებელი იქნება.