თამარ გველესიანი ხელოვანია, თავის დროზე სამხატვრო აკადემია დაამთავრა, თუმცა, შემდეგ სხვადასხვა სფეროში სცადა ბედი და ყველაფერი გამოუვიდა. ერთ დღეს კი, ყველაფერი მიატოვა და სულ სხვა, ახალი ცხოვრება დაიწყო, რომელმაც ისევ საწყისთან, ანუ ხელოვნებასა და სულიერებასთან მიიყვანა…
- ქალბატონო თამარ, როგორია თქვენი ცხოვრების ამბავი?
— საერთოდ ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ და ზედმეტი არაფერი მიყვარს, მით უფრო, როცა საქმე ისეთ სათუთ თემას ეხება, რასაც სულიერება ჰქვია. რახან მკითხეთ, გულწრფელად გეტყვით იმას, რაც მართლა იყო. სამხატვრო აკადემიის გრაფიკისა და დიზაინის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ მერე აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავედი. ყოველთვის მინდოდა ტანსაცმლის დიზაინზე მემუშავა. თეატრის მხატვრობაც მაინტერესებდა. მოკლედ, ძალიან შემოქმედებითი ნატურა ვარ, საოფისე და ამგვარი სამუშაოები ჩემთვის მოსაწყენია. ქართულ რადიოშიც ვმუშაობდი, მუსიკალური პროგრამის წამყვანი ვიყავი. პარალელურად საზოგადოებასთან მუშაობის კურსი გავიარე და პიარ-მენეჯერად ვმუშაობდი. ერთ დღესაც, ისეთი მომენტი დადგა, რომ აღარაფერი მაინტერესებდა. თითქოს რაც მანამდე იყო, ყველაფერი დამთავრდა. ერთ მშვენიერ დღეს, ყველაფერს დავანებე თავი და მივედი ტაძარში, სადაც გალობა დავიწყე…
- შემთხვევა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადაგადგმევინათ…
— ერთხელ შემთხვევით, პირდაპირ ქუჩიდან აღმოვჩნდი მამა საბას წირვაზე, სადაც მისმა მორჩილმა მედავითნემ მიმიყვანა. მახსოვს, სექტემბრის თბილი დღე იყო. ბაღში, სკამზე ჩამოვჯექი და გვერდით მომიჯდა ქალი, რომელსაც ბავშვები ჰყავდა ჰაერზე გამოყვანილი. ის გამომელაპარაკა და აღმოჩნდა მამა საბას მედავითნე, ლელა ჰქვია და გვარად ბართაიაა, თუ ზუსტად მახსოვს. სწორედ მან წამიყვანა მეორე დღეს „ბატიუშკასთან" — ასე მოიხსენიებდნენ მამა საბას. ეს იყო წარმოშობით ბერძენი, სქემარქიმანდრიტი საბა ტელიანიდი, რომელიც უკვე მხცოვანია და ამჟამად ლოგინსაა მიჯაჭვული. ამ შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. სულ სხვანაირი ცხოვრება დავიწყე და თითქოს სხვა ადამიანი გავხდი.
- იმ პიროვნებას, ანუ სქემარქიმანდრიტს საბა ტელიანიდის, რომელზე საუბრობთ, საეკლესიო წრეებში იცნობენ როგორც პიროვნებას, ვისაც წინასწარმეტყველური უნარი აქვს…
— ეს არის საოცრად სუფთა ადამიანი-საოცრება, რომლის მსაგავსი არაფერი მინახავს და რომელიც ძალიან მიყვარს. მას განკურნვის მადლი აქვს და მასთან უამრავი ხალხი დადიოდა და ის მათ ჰკურნავდა. ადრე ათონზე იყო, საიდანაც ჩვენმა პატრიარქმა ჩამოიყვანა. ეს ადამიანი წლების განმავლობაში წალკის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. მახსოვს, როცა ამ კაცთან მივედი, საოცარი მადლი ვიგრძენი, იმდენად, რომ სულ მასთან ყოფნა მინდოდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან უცნაური შეხვედრა იყო…
- სამკაულების კეთებაც სპონტანურად დაიწყეთ?
— როცა მამა საბას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ის მალე ლოგინს მიეჯაჭვა. ამავე ტაძარში მყავს მოძღვარი, მამა იაკობი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანია და რომლისაც საოცრად მადლიერი ვარ. მან მომცა კურთხევა, რომ ხელსაქმე დამეწყო. მან მითხრა: მოდი, რაღაც ხელსაქმე დაიწყეო. ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი: მამაო, მე ქარგვა არ ვიცი მეთქი. სახლში რომ მოვედი, ხმამაღლა ვთქვი: რა მითხრა ამ ადამიანმა, ნეტავ, რა ხელსაქმე უნდა დავიწყო მეთქი. დავჯექი, ვიფიქრე და მოვსინჯე. როცა ნახელავი მომიწონეს, მესიამოვნა და შევყევი ამ საქმეს. ამან გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ისე მოხდა, რომ დავუბრუნდი ჩემს პროფესიას, საიდანაც ყველაფერი დავიწყე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სულიერი მოთხოვნილება გამიჩნდა. ახლა სადღესასწაულო კოლექციაზე ვმუშაობ.
-ქალბატონო თამარ, რა მასალებს იყენებთ და ვინ გიკვეთავთ სამკაულებს?
— ყველაფერი ბუნებრივი მომწონს, ძირითადად ვიყენებ ქვებს, ბუნებრივ ტექსტილს, ბროლს და მეტალს. მასალის გარდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფერიც. ყველა აღნიშნავს, რომ ჩემი ნაკეთობების ფერები განსაკუთრებულია. ჩემს შემკვეთებს შორის სხვადასხვა ასაკის ადამიანები არიან. მამაკაცებიც მოდიან, თავიდან ამ ამბავმა გამაკვირვა. ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, იმიტომ, რომ ისინი ამ სამკაულებს საჩუქრად ყიდულობენ საყვარელი ქალბატონებისთვის და ძალიან კარგი მყიდველები არიან. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მამაკაცებს ჩემი ნამუშევრები ძალიან მოსწონთ. გამოფენა ჯერ არ მქონია, ვფიქრობ, მექნება, მაგრამ როდის, არ ვიცი, რადგან წინასწარ არაფერს ვგეგმავ.
- ვიცი, რომ ტაძარში გალობთ…
— დიახ, ვაკის სამების ტაძრის მგალობელი ვარ. ბავშვობიდან ვმღეროდი, მაგრამ გალობა ნამდვილად არ ვიცოდი. მამა საბას არ ჰყავდა მგალობლები. მედავითნე და მრევლიდან რამდენიმე გოგო გალობდა და რამდენჯერმე მივეხმარე მათ. ამის მერე მამა საბამ მომცა კურთხევა, რომ გალობა დამეწყო. რამდენიმე დღეში მოვხვდი ვაკის სამებაში, სადაც ვისწავლე პირველი და მეორე ხმა და გუნდში დამაყენეს. პირველ და მეორე ხმას ვგალობ, ზოგჯერ ბანსაც. რაც მოხდა, ყველაფერი ღვთისგან არის, მაგრამ ეს ისეთი სათუთი თემაა, რომ მეშინია ის ბოლომდე გავშალო… ქრისტიანისთვის ღმერთზე დიდი არაფერია, აღდგომაზე დიდი დღესასწაულიც არ არსებობს. ყველას მინდა მივულოცო და კიდევ, ცხოვრებაში არასოდეს არ დაკარგოთ იმედი და ელოდეთ პატარა სასწაულებს…