თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ლიტვური ენის სახელმწიფო კომისია (VLTT) საქართველოს სახელწოდებას არჩევს. უკვე მოიწონეს ორმაგი დასახელება – წინანდელი ფორმით, რომელიც უკვე დამკვიდრებულია ლიტვურ და სხვა ენებში – „გრუზია“, და ორიგინალური დასახელება – „საქართველო“, იუწყება „Sputnik–ლიტვა“ LRT–ზე (ლიტვის ეროვნული რადიო და ტელევიზია) დაყრდნობით.
ჯერჯერობით ოფიციალურ დოკუმენტებში ძველი სახელწოდება რჩება, მაგრამ პარალელურად იმოქმედებს მეორე დასახელებაც. ერთი თვის განმავლობაში კომისიამ უნდა გადაწყიტოს კონკრეტული დასახელება. ჯერჯერობით პრიორიტეტულია „ქართველია“ და „საქართველია“.
ასევე, უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ უწოდონ ქართველს, განაცხადა VLTT–ს ხელმძღვანელმა აუდრის ანტანაიტისმა.
უფრო ადრე ლიტვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროები გამოვიდნენ წინადადებით, ბალტიის ქვეყანაში დამკვიდრდეს დასახელება „საქართველო“. ამჟამად ქვეყნის ორიგინალური დასახელება ევროკავშირის არცერთ სახელმწიფოში არ გამოიყენება.
გასული წლის შემოდგომაზე ლიტვის სეიმის სპიკერ ვიქტორას პრანცკეტისმა წამოაყენა წინადადება, 2018 წლისთვის საქართველოს საჩუქარი გაუკეთოს და ქვეყანა „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოდ“, ხოლო ხალხი „საქართველიანებად“ მოიხსენიონ. მაშინ მან განაცხადა, რომ „ქართველებს არ უყვართ სიტყვა „გრუზია“. მათ „საქართველო“ ურჩევნიათ“.