თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში 6 ათასამდე ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ტელევიზიის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდეგ, საავადმყოფოს ორი თანამშრომელი სამსახურში არ გამოჩენილა.
საზღვაო ჰოსპიტალს კომპანია „მედ-ემერჯენსი“ მართავს.
საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, ყველა საბუთი და შესაბამისი დოკუმენტაცია გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისთვის.
როგორც „Sputnik–საქართველოს“ შსს–ში განუცხადეს, აღნიშნული ფაქტი მარტის ბოლოს მოხდა და გამოძიება სსკ–ის 269-ე მუხლით („ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა“) დაიწყო.