აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოების მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 და 9 აპრილს, 08:00-დან 20:00-მდე საათამდე სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 და 9 აპრილს თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს, ნათქვამია საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს კვირას, 8 აპრილს აღნიშნავს. კვირას და ორშაბათს, ტრადიციულად, მოსახლეობა ახლობლების საფლავებზე გადის.

უწყების ცნობით,სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით დაწესდება.
 

როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღესასწაულებზე საქართველოში

შეზღუდვები შემდეგ ქუჩებს შეეხება:

საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.

მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.

თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.

სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 8 და 9 აპრილს, 08:00-დან 20:00-მდე საათამდე სასაფლაოების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.

ასევე, 7 აპრილს მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.