საშიში პროდუქტების ჩამონათვალი: სად აღმოაჩინეს ჯანმრთელობისთვის საზიანო ტრანსცხიმები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია ბაზრიდან უკვე ამოღებულია, ახალ პროდუქციაში კი ტრანსცხიმების შემცველობის სტანდარტი დაცულია.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ჯანმრთელობისთვის საზიანო ტრანსცხიმების მაღალი რაოდენობა ისეთ პროდუქტებში დაფიქსირდა, რომლებსაც ბავშვებიც მოიხმარდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებული 136 ნიმუშიდან ჯანმრთელობისთვის საზიანო ტრანსცხიმების ჭარბი ოდენობა 10-მდე შემთხვევაში გამოვლინდა.

არსებული სტანდარტების მიხედვით, სურსათში ტრანსცხიმების შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სურსათში კი ტრანსცხიმის შემცველობა საერთოდ არ უნდა ფიქსირდებოდეს.

შემოწმების შედეგად, შემდეგი მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების პროდუქციაში ტრანსცხიმების ჭარბი, 2 გრამზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა: შპს „ათინათი"- აწარმოებს მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ რძის ნაწარმს (დარღვევა მის მიერ წარმოებულ სამი სახეობის პროდუქტში აღმოჩნდა), ტრანსცხიმის გადაჭარბებული რაოდენობა იყო „კონდიტერის" ორცხობილა „ხრაშუნასა" და ნამცხვარ „ბანანში", ნაყინ „აისბერგში", საკონდიტრო „ვესტ ჯორჯიან ბეიქერის" ნამცხვარ „ბომბორაში", საკონდიტრო „ნარცისის" ორცხობილაში და რუსული წარმოების „იაშკინოს" ვაფლში.

ზურაბ ცქიტიშვილი: ბევრმა მეწარმემ არც კი იცოდა, რას იწვევს ტრანსიზომერი

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქცია ბაზრიდან უკვე ამოღებულია, ახალ პარტიებში კი ტრანსცხიმების შემცველობის სტანდარტები დაცულია.

ტრანსცხიმები მიიღება ხელოვნური გზით არანაჯერი ცხიმების გადამუშავებისას ნაჯერ ცხიმებად, მათი გაცხელების და ჰიდროგენიზაციის (წყალბადის ატომების დამატებით) საშუალებით. ჰიდროგენიზაციით თხევადი მცენარეული ზეთები მყარ მასად გადაიქცევიან. ტრანსცხიმები შედის ნაღების კარაქის შედარებით იაფფასიან შემცვლელებში, მარგარინსა და საკონდიტრო ცხიმებში. მცირე რაოდენობით ბუნებრივ ტრანსცხიმებს შეიცავს ხორცი და რძის პროდუქტები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა ხმარებიდან ამოიღონ ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტები. საქართველოში ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა საერთოდ არ რეგულირდებოდა. ხელისუფლებამ 2014 წელს აღიარა მისი მავნებლობა. მთავრობის დადგენილებით, სურსათში ტრანსცხიმების ნორმა განისაზღვრა და ეს დადგენილება 2017 წლის აგვისტოდან შევიდა ძალაში.

ამ დრომდე შემოწმებულია 136 ნიმუში. მიმდინარე წელს კიდევ 210 ნიმუშის შემოწმებაა დაგეგმილი. ნიმუშებს სწრაფი კვების ობიექტებიდან და საბავშვო ბაღებში არსებული საკვებიდანაც აიღებენ.