საქართველოს მარტში ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი ესტუმრა

უცხოელთა შორის ლიდერთა სამეულში არიან აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს მარტში 578,5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 67,4 ათასით მეტია, განუცხადა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მარტში იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში 24 საათი და მეტი იმყოფებოდნენ, 292 ათასია. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72,4 ათასით მეტია (ზრდა +33%).

სულ მარტში ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების — 13,2%-ით.

ჩოგოვაძე: წელს ტურიზმიდან შემოსავალი სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში მარტში განხორციელდა აზერბაიჯანიდან (133,4 ათასი). შემდეგ მოდის სომხეთი (109,3 ათასი), თურქეთი (100,7 ათასი), რუსეთი (91,5 ათასი) და ირანი (58,8 ათასი).

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, საქართველოს მარტში ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავდა დიდი ბრიტანეთიდან (ზრდა +74%), გერმანიიდან (+47%), ლატვიიდან (+45%), ლიტვიდან (+35%) და საფრანგეთიდან (+25%).

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან (+78%), ჩინეთიდან (+62%), ირანიდან (+46%), ინდოეთიდან (+43%) და აშშ-იდან (+35%).

რაც შეეხება 2018 წლის სამი თვის მონაცემებს, ამ პერიოდში საქართველოს ეწვია 1 მილიონ 463,5 ათასი ვიზიტორი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 196,5 ათასით მეტია (ზრდა +15,5%).

ამა წლის სამ თვეში ვიზიტორთა რაოდენობამ, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათი და მეტი ხანი დაჰყვეს, 659,3 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 144,9 ათასით მეტია (ზრდა +28,2%).

საქართველოში ტურიზმის სფერო ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებშიც აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში ჩნდება ახალი სასტუმროები, ტარდება კვების ობიექტების შემოწმება, მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება და სხვა.