თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას, რათა მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუმჯობესოს.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. სამშობლოში მის დაუსწრებლად რამდენიმე საქმის გარჩევა მიმდინარეობს. 2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით) სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საქართველო იცლება. ეს რეალური საფრთხეა და ამ საფრთხის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებით, ცხოვრების დონის სწრაფი ამაღლებით, ხელფასების ზრდით. მე ვაპირებ პირადად დავკავდე ამით. ახლა ისინი ჩემს წინააღმდეგ საქმის აღძვრას მხოლოდ ერთი მიზნით აპირებენ —საერთოდ რომ არ ვიფიქრო საქართველოში ჩამოსვლაზე. ვერ ეღირსებით! მე საქართველოში ჩამოვალ და ჩემს გუნდთან ერთად ყველა ამ პროგრამას განვახორციელებ. მე ჩემს ხალხს გაჭირვებაში არ დავტოვებ", — განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
მისი სიტყვებით, საქართველოში ეკონომიკური ვითარება კატასტროფულია და ამაში დამნაშავე საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილია.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლა, წელს — საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა მოხდეს.
„მე ვეუბნები ამ მაფიას: ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას. ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თითოეულ ქართველს და ნამდვილ ქართველ ბიზნესმენებს. როცა ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს ხელფასების გაზრდის საშუალებას მოგვცემს", — აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და იგი იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, ქვეყნის მეთაურის არჩევა არა ხუთი, არამედ ექვსი წლით მოხდება.
სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსი 2015 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს. 2016 წელს ის სკანდალის ფონზე გადადგა და პოროშენკო რეგიონში არსებული დანაშაულებრივი „კლანების" მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა" შექმნა და პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვდა.
უკრაინის ხელისუფლებამ 2017 წლის თებერვალში სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც იგი უკრაინაში შემოდგომაზე უკანონოდ შევიდა. მოგვიანებით სააკაშვილმა ნიდერლანდებში პირადობის მოწმობა აიღო, რომელიც მას ევროკავშირში მუშაობისა და ცხოვრების უფლებას აძლევს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.