შიმშილობის პირველი დღე: რამდენ ადამიანს გაათავისუფლებს ბათუმის პორტის ადმინისტრაცია

ბათუმის პორტის თანამშრომლების განცხადებით, კომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურიდან უკვე დაახლოებით 30-მდე ადამიანი გათავისუფლდა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორის გადაყენების მოთხოვნით ადმინისტრაციულ შენობასთან თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

საქართველოში გათავისუფლებული საჯარო მოხელეები სახელმწიფოს მილიონები დაუჯდა

ბათუმის პორტის თანამშრომლების განცხადებით,  დირექტორი მათზე ზეწოლას ახორციელებს და აიძულებს სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ. კომპანიაში  დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურიდან უკვე დაახლოებით 30-მდე ადამიანი გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი, ძირითადად, საპენსიო ასაკის თანამშრომლებს შეეხება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რეორგანიზაციის პროცესი ფარულად მიმდინარეობს და დაახლოებით 100 ადამიანის გათავისუფლება იგეგმება.

ნავსადგურის თანამშრომელთა ნაწილმა ბათუმის ნავსადგურის ადმინისტრაციის შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

 „სანამ დირექტორი არ გადადგება, ჩვენ შიმშილობას არ შევწყვეტთ. ჩვენს შემცირებას აპირებენ იმის საფუძველზე, რომ თითქოს საწარმო ასე უფრო წარმატებული იქნებაო. სანამ დირექტორი არ წავა შიმშილობას არ შვწყვეტთ, ის ჩვენთვის დირექტორი აღარ არის. მოლაპარაკების მცდელობა გვქონდა, წერილითაც მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი, რომელიც ამ ეტაპზე მისი გადადგომის საკითხს არ განიხილავს, აქციის მონაწილეებს შეხვედრას და არსებული საკითხების განხილვას სთავაზობს.

 „ჩვენ ვთავაზობთ მათ სასაუბროდ დავსხდეთ, თუმცა, ისინი აგრესიაზე გადმოდიან და თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. რეორგანიზაცია იგეგმება, ამიტომ უმჯობესია მოლაპარაკება შედგეს",  — აცხადებს დირექტორი.

მისი განცხადებით, პორტში მუშაობენ საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ.