სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობისთვის მასობრივი თავშეყრის ობიექტებს დააჯარიმებენ

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს განსახილველად უახლოეს სხდომაზე წარედგინება
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელები სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო დაჯარიმდებიან, ჯარიმები კი დაუზღვეველი ობიექტების რაოდენობის მიხედვით გაიზრდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება სპეციალური მუხლის დამატება, რომლის პროექტი სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მოამზადა. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმებს მასობრივი თავშეყრის ობიექტების იმ მფლობელებისთვის, რომლებიც სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობენ. პროექტი პარლამენტის ბიუროს განსახილველად უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

რატომ დააჯარიმეს ტელეკომპანიები „იმედი", „რუსთავი 2" და „იბერია ტვ"

მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2017 წლის დეკემბერში მიიღო, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შევიდა. დადგენილების მიხედვით, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა შემდეგ ობიექტებზე მოქმედებს: სავაჭრო ცენტრი, ბაზრობა, სასტუმრო და ავტოგასამართი/აირგასამართი სადგური.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით.

სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურების მფლობელები დაჯარიმდებიან თითოეული დაუზღვეველი სადგურის რაოდენობის ათას ლარზე ნამრავლის ოდენობით.

რაც შეეხება 100 და მეტ ადგილიან სასტუმრო-დასასვენებელი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობას, საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემდეგ, მფლობელი 5 ათასი ლარით დაჯარიმდება. განმეორებით ჩადენილი იმავე ქმედებისთვის კი მფლობელს სასჯელის ორმაგი ოდენობა დაეკისრება.