„სინქრონულ ცურვაზე რომ არ მევლო ვერაფერს მივაღწევდი“- ქართველი მოზარდის სპორტული მარათონი

სანამ მოზარდ ქართველ სპორტსმენს გაგაცნობთ, გვინდა, ქართული სპორტის ისტორიიდან ერთი ფაქტი შეგახსენოთ: საქართველოში სინქრონული ცურვა პირველად 1978 წლის 13 ოქტომბერს იხილეს. ეს მოხდა თბილისის საწყლოსნო კომპლექსის (ახლანდელი “ლაგუნა ვერე”) გახსნის ცერემონიალზე, სადაც მოსკოველმა მოცურავეებმა თეატრალიზებულ-სპორტული სანახაობა წარმოადგინეს.
Sputnik

პირველად ამ სახეობით სერიოზულად დაინტერესდა თბილისელი ტანმოვარჯიშე ანა ივანოვა, რომელიც სინქრონულ ცურვაში ამ ეტაპზე რამდენიმე გოგონას ავარჯიშებდა. მისი მოწაფეები 1978 წელს, პირველ საკავშირო ჩემპიონატშიც მონაწილეობდნენ.

80-იანი წლების მიწურულს საქართველოს რამდენიმე სპორტსმენმა იუნიორთა საერთაშორისო შეჯიბრებებში მაღალი შედეგები აჩვენა, მაგრამ იმ პერიოდიდან სინქრონულ ცურვას ყურადღება მოაკლდა და მათი დაოსტატებაც შეფერხდა.

ქართველი თინეიჯერი ლენკა ზაქარიაძე სპორტის ამ ლამაზ სახეობაში 11 წლიდან ვარჯიშობს. ის 21-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობს. ყველაზე წარმატებულად გასულ ზაფხულს, თურქეთში და შემდეგ პორტუგალიაში, ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა. სწავლობდა გერმანული მიმართულების კერძო სკოლებში, ამიტომ საკუთარ მომავალს გერმანიაში სწავლას და სინქრონულ ცურვას ერთდროულად უკავშირებს.

ლენკა ზაქარიაძე

ლენკა ზაქარიაძე: თავიდან უბრალოდ ცურვაზე დავდიოდი, შემდეგ როგორც ჩანს, საჭირო მონაცემები გამოვამჟღავნე და ჩემს მწვრთნელს მოვეწონე. მან სინქრონულ ცურვაზე გადმოსვლა შემომთავაზა. მართალი გითხრათ, სპორტის ამ სახეობას სერიოზულად არასდროს ვუყურებდი. ჩემთვის ვვარჯიშობდი და სინქრონული ცურვის ილეთების შესრულებას ვცდილობდი. მერე როცა ჩემი შესაძლებლობები უფრო განვავითარე, მწვრთნელმა დუეტში შემიყვანა. ჩემი მწვრთნელები არიან: ლიკა ბოკერია და მანანა ჩანქსელიანი. ჯგუფურ შეჯიბრში ჩემი პირველი გამოსვლა თურქეთში მოხდა. სამწუხაროდ დუეტში ვერ ავიღე საპრიზო ადგილი, მაგრამ ჯგუფურში მესამე ადგილი დავიკავეთ. ყველაზე წარმატებულად ალბათ, გასულ ზაფხულს, თურქეთში გამოვედით. ჩვენს გამო საბერძნეთიდან ჩამოვიდა ერთ-ერთი მწვრთნელი, რომელმაც ზაფხულში ორი კვირა გვავარჯიშა და ახალი პროგრამა დაგვიდგა. ამ პროგრამით თურქეთში და შემდეგ პორტუგალიაში, ევროპის ჩემპიონატზე გამოვედით. თურქეთში სოლო შესრულებაში მესამე ადგილი დავიკავე, დუეტში კი —მეორეზე გავედით.

ვარჯიშის დროს

 

ფაქტი ქართული სპორტის ისტორიიდან: საქართველოში სინქრონული ცურვის აღმავლობა მოსკოვიდან მოწვეული სპეციალისტის, ნატალია მაშუკის სახელს უკავშირდება. მან მოკლე დროში ჩამოაყალიბა ძლიერი გუნდი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა საკავშირო შეჯიბრებებში, ამ გუნდის ლიდერი ქრისტინა ფალასინიდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. ბერძენი მწვრთნელის წინამძღოლობით საქართველოს გუნდი მომდევნო ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

ლენკა ზაქარიაძის წარმატების ფორმულა

— წარმატებისთვის ძალიან ბევრი რამაა საჭირო. პირველ რიგში, რათქმაუნდა, ინტენსიური ვარჯიშები, ასევე მობილიზება. სპორტის ამ სახეობისთვის მხოლოდ ძალა არ არის საკმარისი, ელასტიურობაც უნდა გამოიმუშაო, იყო გამძლე და რაც მთავარია, თავდაჯერებული. როდესაც შეჯიბრი გვიწევს, დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ, იმის მიუხედავად, სკოლა გვაქვს თუ არა. თუ სკოლის პერიოდში გვიწევს შეჯიბრი მაშინ კვირაში მაქსიმუმ ხუთჯერ, სამი-ოთხი საათი ვვარჯიშობთ, საათ ნახევარი-დარბაზში და ამის შემდეგ წყალში ჩავდივართ. კიდევ აუცილებელია, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი გაიღო.

ჯგუფურ გამოსვლაში მიღებული ჯილდო

-რა არ მოგწონს შენს თაობაში და შენზე უფროსებში?

— ჩემს თაობაში არ მომწონს ის, რომ უმეტესობას არ შეუძლია იყოს ისეთი, რაც სინამდვილეშია, საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებული, ამიტომ ყოველთვის უნდათ, ვიღაცას მიბაძონ ან ვინმეს დაემსგავსონ. ხშირ შემთხვევაში, საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. კიდევ შემიმჩნევია, რომ ჩემი ასაკის ბავშვები ძალიან მალე იზრდებიან და ვითარდებიან, რაც ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ —ცუდი. ისინი მალე კარგავენ ბავშვობას… უფროს თაობაში ისეთს არაფერს გამოვარჩევ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობა უკეთესია, თუმცა მგონია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს, რაც ზოგადად ხდება, ვერაფერს ვშველით. ყველას გადაწყვეტილი აქვს, უცხოეთში ისწავლოს და იცხოვროს, მათ შორის, მეც… ვინ უნდა გამოვიდე ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს. ყველაზე მეტად უცხო ენები მიზიდავს. ძალიან მინდა გერმანიაში სწავლა, ამიტომ გერმანულში განსაკუთრებულად ვმეცადინეობ და გამოცდებისთვის ვემზადები. ადამიანმა უნდა დაისახოს ცხოვრებაში მიზანი და მას აუცილებლად მიაღწიოს. აუცილებელია, რომ საამისო გამბედაობა ჰქონდეს. ყოველთვის მეშინია, როცა დიდი დრო გავა, ჩემს თავს კითხვას დავუსვამ: ეს რომ არ გამეკეთებინა, რა მოხდებოდა მეთქი? ამის მაგალითად ცურვა მომყავს, რადგან რომ არ დამეწყო სინქრონულ ცურვაზე ვარჯიში-მართლა ვერაფერს მივაღწევდი. დღეს რომ მაქვს არც ასეთი საინტერესო ცხოვრება მექნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, ადამიანს მიზნის მიღწევა უნდა შეეძლოს და ამისთვის რისკიც გაწიოს…

ამჟამად ლენკა ზაქარიაძე ქართულ გუნდთან ერთად ემზადება სლოვაკეთის საერთაშორისო შეჯიბრისთვის, რომელიც მაისის თვეში გაიმართება. ივნისში კი- ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ფინეთში მიემგზავრება.