ბზა (Buxus), ბზისებრთა ოჯახის ორლებნიან მცენარეთა გვარი, მარადმწვანე დაბალი ხე ან ბუჩქია. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (Buxus hyrcana); მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა, წვრილფოთოლა ბზა, იაპონური ბზა და ბალეარული ბზა.
ლათინური დასახელება buxe ითარგმნება, როგორც მკვრივი და მცენარის სიმკვრივეზე მიუთითებს.
მცენარის ყველა ნაწილი და განსაკუთრებით ფოთლები და ქერქი შეიცავს ბუქსინს, პარაბუქსინს, ბუქსინიდინს, პარაბუქსინიდინს და ზოგიერთ სხვა ალკალოიდს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
ბზის ყველა ნაწილი შეიცავს ადამიანისა და ცხოველებისთვის საშიშ ნივთიერებებს.
ბზა ძალზე შხამიანი მცენარეა, ამიტომ მას ძალზე იშვიათად იყენებენ, რადგან ზუსტი დოზის განსაზღვრა ძნელია. დოზის გადაჭარბება იწვევს მძიმე მოწამვლას, რომელსაც თან ახლავს პირღებინება, კუჭის აშლა, ჰიპერემია (სისხლის მოწოლა კანზე), კრუნჩხვები, სუნთქვის შეჩერება. ზედმეტმა დოზამ შეიძლება ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს.
ბზით მკურნალობენ:
•რევმატიზმსა და ტკივილს სახსრებში
•არითმიასა და მიოკარდის იშემიას
•ნაღვლმდენი და შარდმდენი გზების ანთებას
•ჩირქოვან ინვაზიებს
•დაინფიცირებულ ჭრილობებს
•თმის ცვენასა და სებორეას.
ბზის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ ანტიკურ დროს იყენებდნენ მას, როგორც ხველების საწინააღმდეგო საშუალებას, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ქრონიკული ციებ-ცხელების, მალარიის სამკურნალოდ.
ამჟამად ჰომეოპათიაში ბზისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ, როგორც ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ციებ-ცხელების საწინააღმდეგო, ჭრილობების შეხორცების, მადეზინფიცირებელ, ანტიბაქტერიულ, ნაღვლმდენ, შარდმდენ და გამხსნელ საშუალებას. ასევე ბზაზე დამზადებული საშუალებები გამოიყენება რევმატიზმისა და პარაზიტარული ინფექციების, სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს. ჰიპერტონიით დაავადებულები მას იყენებენ მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად. ასევე, ბზაზე დამზადებული პრეპარატები გამოიყენება გარეგანად: როგორც კოსმეტიკური საშუალება თმის ცვენისა და სებორეის დროს.
ბზა კარგად წმენდს ჰაერს — ფოთლები გამოყოფს ფიტონციდებს, რომელსაც ბაქტერიციდული თვისებები აქვს და ანადგურებს დაავადებების გამომწვევ მიკრობებს. საოცარია, მაგრამ პატარა ბუჩქს შეუძლია სტრეპტოკოკების 20%-ისა და სტაფილოკოკების 40%-ის განადგურება.
ბზაზე დამზადებული ნაყენის გამოყენება არ შეიძლება ასთმის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გულის სერიოზული დაავადებების, ალერგიის დროს.
ნაყენის დამზადების წესი:
½ ჩაის კოვზ გამხმარ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. მიიღეთ დღეში სამჯერ მესამედი ჭიქის ოდენობით.
გარეგანი გამოყენებისთვის ერთმანეთში არეულ ბზის ფოთოლსა და ქონდარს (110 გრამი — 5:6 თანაფარდობით) დაასხით 60%-იანი სპირტის ხსნარი. გააჩერეთ ორი კვირის განმავლობაში. მიღებული ხსნარი შეიზილეთ თმაში.
საინტერესო ცნობები ბზის შესახებ:
რა თქმა უნდა, ბზა ქრისტიანებისთვის მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის მთავარი სიმბოლოა. ამ დღეს ქრისტიანები ბზობას უწოდებენ. ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
გარდა ამისა, ძველ დროში ბზისგან თილისმებს ამზადებდნენ. მიიჩნეოდა, რომ ის იცავს ავი თვალისგან, შავი ძალებისგან, ენერგეტიკული ვამპირიზმისგან და სხვა. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ თუ ადამიანი ბზის რტოს მუდამ თან ატარებს, ის დაცული იქნება უბედური შემთხვევებისგან, ასევე მჭევრმეტყველება მოემატება.