თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სპორტსკოლის ყოფილი მწვრთნელი დააკავეს, რომელსაც ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
სპორტსკოლის დირექტორის, რამაზ კოხიას თქმით, ხსენებულმა მწვრთნელმა სამსახური რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 66 წლის ყოფილი მწრთვნელი წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სენაკში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა“, — აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ბოლო დროს საქართველოში ცნობილი გახდა სექსუალური შევიწროების რამდენიმე ბრალდების შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, პაპუნა უგრხელიძეს რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა, ახალგაზრდა ქალბატონმა უჩივლა. ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ყოფილი გენერალური დირექტორის — ზვიად დევდარიანის მიმართ ქალთა ადევნებაში გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.