საქართველოს პირველმა პირებმა ქრისტიანულ კონფესიებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს

1 აპრილს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  კათოლიკური, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს აღნიშნავს.

ირაკლი კობახიძე იმ ქრისტიანებს, ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს

„აღდგომა ქრისტიანისთვის უძვირფასესი დღესასწაულია, სულიერი ამაღლებისა და სიკეთის გამარჯვების სიმბოლო, გისურვებთ სიხარულსა და წარმატებას. მწამს, რომ სწორედ ჩვენი სამშობლოს სიყვარული არის და იქნება ჩვენი ოჯახების ბედნიერების, ჩვენი შვილების წარმატებისა და ძლიერი სახელმწიფოებრიობის ურყევი საფუძველი“, — ნათვქმია პრეზიდენტის განცხადებაში მის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უფლის აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების, მარადიული სიცოცხლის რწმენას უკავშირდება და ადამიანებს სიხარულით ავსებს.

„აღდგომას ვულოცავ ჩვენს იმ თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ყველას ვუსურვებ სულიერ სიძლიერესა და ბედნიერებას“, — ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში, რომელიც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იმ ქრისტიანებს, ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც მიულოცა.

ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს აღნიშნავს.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას აღნიშნავს

თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ სამეუფეო ტაძარში, ისევე როგორც ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში, ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია გუშინ ღამის 23:30 საათზე დაიწყო. 

კათოლიკური ეკლესიის გარდა, აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაც. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარში – სურბ გევორქის ეკლესიაში, სააღდგომო მსახურება პირველ აპრილს 11:00 საათზე დაიწყება. 

პირველ აპრილს აღდგომას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაც აღნიშნავს. შერიგების ეკლესიაში (ტერენტი გრანელის 15) სადღესასწაულო ლიტურგია პირველ აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება და მას ეპისკოპოსი მარკუს შოხი ჩაატარებს.

მართლმადიდებელი ეკლესია კი  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 8 აპრილს იზეიმებს.