რამდენი ადამიანი გაება ტყებუჩის ხაფანგში

თბილისის ზოოპარკი არ დაკმაყოფილდა გასული წლების საპირველაპრილო ხუმრობებით და სოციალური ქსელის მომხმარებლებს წელსაც ორიგინალური და სახალისო ხუმრობა შესთავაზა.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ტყუილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკმა გაავრცელა ინფორმაცია მე-18 საუკუნეში გადაშენებული ცხოველის — ტყებუჩის აღმოჩენის შესახებ, რაც ბევრმა ადამიანმა დაიჯერა კიდეც.

წინა წლებშიც ზოოპარკის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს სახალისო და ორიგინალური ხუმრობები შესთავაზა საპირველაპრილოდ, მათ შორის ცალკბილა ვეფხვისა თუ მარტორქის დაბადება, ასევე, აქლემის გიგანტური თავის ქალას აღმოჩენა.

ზოოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის ზოოპარკი საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის მიზნით, სისტემატურად აწყობს  ექსპედიციებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და  ველზე გასვლისას ამონტაჟებს ფოტოხაფანგებს როგორც იშვიათი, ისე ფართოდ გავრცელებული სახეობების აღსარიცხად. ფოტოხაფანგით გადაღებულმა კადრმა კი „უჩვეულო არსება“ დააფიქსირა.

თბილისის ზოოპარკი 1 აპრილს უნიკალურ აღმოჩენას აანონსებს

ზოოპარკის პრეს-სამსახური ამით არ დაკმაყოფილდა და მეტი დამაჯერებლობისთვის აღნიშნა, რომ ფოტო ზოოპარკის სამეცნიერო განყოფილებას გადასცეს, შედეგი კი მოულოდნელი აღმოჩნდა.

„დიდი ალბათობით, ფოტოსურათზე გამოსახულია Crasicaudata caucasica tkebuchii Pallas 1772 — კავკასიური ტყებუჩის სახელით ცნობილი სახეობა. ტყებუჩი XII საუკუნემდე საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული“, — ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.

ზოოპარკის პრეს-სამსახურის თქმით, ამ ცხოველის რქოვანი საფარველისგან სამეფო კარისთვის სასაფეთქლეები, ღილები და ქინძისთავის თავები მზადდებოდა,  ახლო აღმოსავლეთში  კი ტყებუჩის რქოვანი საფარველისგან დამზადებულ ფხვნილს ჭარბთმიანობის ოპტიმიზაციისა და ნაყოფიერების რეგულირებისთვის იყენებდნენ. 

„ტყებუჩის დაბრუნება უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვისაც, ვინაიდან ეს გამოიწვევს ტურისტული ნაკადის ზრდას და ჩვენი ქვეყნის სახელს კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას გააცნობს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, სამკაულების დასამზადებლად სხვა მასალებს გამოვიყენებთ და ჩვენს შთამომავლობას ამ უნიკალურ ცხოველს, საქართველოს ფაუნის მშვენებას, ცოცხალს შევუნარჩუნებთ “,- ამ „იმედისმომცემი“ სიტყვებით დაასრულა ზოოპარკის ადმინისტრაციამ თავისი საპირველაპრილო ხუმრობა.

Facebook-ზე ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულმა პოსტმა უამრავი  მოწონება და ათობით კომენტარი დაიმსახურა. 

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ყოველ პირველ აპრილს ტყუილების საერთაშორისო დღეს, ან უბრალოდ, სულელების დღეს აღნიშნავენ. ეროვნულ დღესასწაულად ჯერ არცერთ ქვეყანაში არ ქცეულა, თუმცა, ეს ხელს არ უშლის უამრავ ადამიანს ერთმანეთის გასულელებასა და მოტყუებაში. პირველ აპრილს, დილიდან უნდა გახსოვდეთ, რომ დღის განმავლობაში თქვენს გასულელებას შეეცდებიან. და თუ დაგავიწყდათ, შესაძლოა, რომელიმე ოინბაზმა, ხაფანგში გაბმულს შეგახსენოთ — „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“.