„არა ჰესებს , არა სვანეთის დატბორვას“ - საპროტესტო აქციები მესტიასა და თბილისში

მესტიის მოსახლეობის ნაწილმა გზა გადაუკეტა მძიმე ტექნიკას, რომელიც ჰესების მშენებლობის ტერიტორიაზე უნდა შესულიყო
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. შსს-მ მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგებს მოლაპარაკებებში ჩართვა შესთავაზა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

„მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობა ერთი წელია მიმდინარეობს და სამშენებლო პროცესი მოსახლეობის პროტესტის გამო ფერხდება. სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებულია. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

მესტიის მცხოვრებლები „მესტია-ჭალა ჰესის “ მშენებლობის შეჩერებას კვლავ ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე უკვე მეორედ შეხვდა. 

აქციის მეორე დღე მესტიაში: ჰესამდე მისასვლელი გზა კვლავ გადაკეტილია

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა კომპანიას ამ ეტაპზე სამშენებლო ტექნიკის ჰესის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას მისცემს, თავად ჩაუდგება მოლაპარაკებას სათავეში, რომ კომპანიამ სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ დაიწყოს, სანამ ექსპერტების დასკვნა არ იქნება ცნობილი.

„მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობა დღეს სვანეთის პარალელურად თბილისშიც გააპროტესტეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე მოსახლეობასთან ერთად გარემოსა და ადამიანის უფლებათა დამცველებიც იმყოფებოდნენ.

„ჩვენ ვგმობთ გუშინდელ ძალადობას მესტიაში, როცა სპეცრაზმის ძალით ეცადნენ „მესტია-ჭალა ჰესის უკანონო მშენებლობა განეახლებინათ“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქცია მესტიაში: რას აპროტესტებს შვიდი თვის ორსული ქალბატონი

აქციის მონაწილეების თქმით, დაუშვებელია სვანეთში მასშტაბური ჰესების მშენებლობა და სპეციალურმა ტექნიკამ მესტიის ტერიტორია დროულად უნდა დატოვოს. 

„მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მესტიაში ორი დღეა მიმდინარეობს. დღეს მოსახლეობამ, სპეცტექნიკისთვის მშენებლობამდე მისვლის საშუალება რომ არ მიეცა, გზაზე ბენზინიც კი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. 

„შეჩერდეს ზოგადად ჰესების მშენებლობა, მთელი სვანეთის დატბორვა ჩვენთვის არის სრულიად აფსურდული და ვერ შევეგუებით ამას და შეწყდეს საერთოდ ეს ჰესომანია“, — განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ანი ჩართოლანმა. 

ტელეკომპანიის ცნობით, მესტიის შესასვლელში, სოფელ ლენჯერში ადგილზე რჩება სპეცდანიშნულების რაზმი.

გუშინ „მესტია-ჭალა ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები უნდა განახლებულიყო, თუმცა ადგილობრივებმა ჰესამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ „მესტია-ჭალა1 ჰესის“და „მესტია-ჭალა2 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები შეწყდეს.

ახალი ჰესები საქართველოში: კატასტროფა თუ გამოსავალი

მესტიაში აქციის მონაწილეებს შაბათს შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე და შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობამ აქცია რამდენჯერმე გამართა, მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მშენებელ კომპანიას შორის შეხვედრა 20 მარტს შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

კომპანია, რომელიც ჰესს აშენებს, აცხადებს, რომ მშენებლობა უსაფრთხოა, თუმცა, 20 მარტს მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვეს.