აქციის მეორე დღე მესტიაში: ჰესამდე მისასვლელი გზა კვლავ გადაკეტილია

ადგილობრივები „მესტია-ჭალა ჰესის “ მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ, თუმცა სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებულია.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მესტიის მცხოვრებლები „მესტია-ჭალა ჰესის “ მშენებლობის შეჩერებას კვლავ ითხოვენ, ადგილობრივთა ნაწილი კი შეკრებილია  მესტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის შენობის წინ, სადაც ღამე გაათიეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გუშინ „მესტია-ჭალა ჰესის სამშენებლო სამუშაოები უნდა განახლებულიყო, თუმცა ადგილობრივებმა ჰესამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და ამ დრომდე არ ხსნიან. ისინი მოითხოვენ, რომ „მესტია-ჭალა1 ჰესის“და „მესტია-ჭალა2 ჰესის“ სამუშაოები შეწყდეს.

აქცია მესტიაში: რას აპროტესტებს შვიდი თვის ორსული ქალბატონი

მესტიაში აქციის მონაწილეებს გუშინ შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე და შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

,,აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ჩამოსული. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას. საბოლოოდ უნდა გაიგოს ყველამ, რომ მესტიაში დამანგრეველი ჰესის აშენების უფლებას არავის მივცემთ“, — ამბობენ აქციის მონაწილეები.

მესტიაში აქციის მონაწილეებმა გზის მთავარი მაგისტრალი გუშინ გადაკეტეს.  ადგილობრივი მკვიდრი, შვიდი თვის ორსული მაგდა გულედანი პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა, მძიმე ტექნიკის გატარების ხელის შესაშლელად. მისი თქმით, ის მანამ არ ადგებოდა, სანამ მძიმე ტექნიკას არ გაწევენ და რაიონიდან სპეცდანიშნულების რაზმებს არ გაიყვანენ.

ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობამ აქცია რამდენჯერმე გამართა, მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მშენებელ კომპანიას შორის შეხვედრა 20 მარტს შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ახალი ჰესები საქართველოში: კატასტროფა თუ გამოსავალი

„სვანეთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ გასული წლის დეკემბრის თვეში საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა, რათა დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, მოიწვიონ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტები და სწორად მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა გამოიყენებს ყველა ლეგიტიმურ ხერხს, სვანეთში ჰესებისა და ოქროს მოპოვებითი პროექტების შესაჩერებლად.

კომპანია, რომელიც ჰესს აშენებს, აცხადებს, რომ მშენებლობა უსაფრთხოა, თუმცა, 20 მარტს მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს.

„მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობა ერთი წელია მიმდინარეობს და სამშენებლო პროცესი მოსახლეობის პროტესტის გამო ფერხდება. სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებულია. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.