თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოში 2017 წლის განმავლობაში რეგისტრირებული განქორწინების რიცხვმა 10,2 ათასს გადააჭარბა, რაც 2016 წელთან შედარებით 7,2%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") განცხადებაში.
ყველაზე მეტი განქორწინება თბილისში დაფიქსირდა — 3,7 ათასზე მეტი ფაქტი, ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში, სადაც გასულ წელს 651 წყვილი დაშორდა.
ამასთან, საქართველოში 2017 წელს ქორწინების რიცხვი 5,6%-ით შემცირდა და 23,7 ათასი შეადგინა.
ყველაზე მეტი ქორწინება რეგისტრირებულია თბილისში — დაახლოებით 7 ათასი. ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში — 1,5 ათასზე მეტი.
ტელეკომპანია Imedi-ს მონაცემებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27,4, ხოლო მამაკაცებისთვის 30,2 წელია.
დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის განცხადებით, ქორწინების რაოდენობის შემცირება ერთგვარად გამოწვეულია იმით, რომ ქართველები „ევროპული" გვიანი ქორწინების პრაქტიკას ირჩევენ, რაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ქალთა ეპანსიპაციითა და საკუთარი თავის ძიებით აიხსნება.
„საქსტატის" ინფორმაციით, 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონ 718 ათასი ადამიანი ცხოვრობს.