საქართველოს რაგბის ნაკრები U-18 ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ქართველი მორაგბეები ფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა რაგბიში U-18 პორტუგალიელ თანატოლებს მოუგო 25:0 და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რომელიც ამ დღეებში პოლონეთში მიმდინარეობს.

დავით ჩავლეიშვილის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას. თავი განსაკუთრებით გამოიჩინეს მიხეილ ალანიამ, ირაკლი მჭედლიძემ, ვანო ქერქაძემ და ზურაბ ქავთარაძემ.

ქართველი მორაგბეების ახალი ტრიუმფი

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართული გუნდი თავის ძველ მეტოქეს – საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთის დაამარცხა – 38:7.

საქართველოს ნაკრები U-18 2015 წლიდან ყოველ წელს გადის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, უცვლელად ხვდება საფრანგეთის გუნდს და სამწუხაროდ, აგებს: 2015 წელს – 0:57, 2016 – 0:42, გასულ წელს – 18:36.

იმედი ვიქონიოთ, რომ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები წელს წარმატებას მიაღწევენ.

საქართველო–საფრანგეთის მატჩი 31 მარტს თბილისის დროით 17:50 საათზე დაიწყება.