ჩეხური ლუდი „სტაროპრამენი" საქართველოში ისხმება

ლუდსახარშმა „ნატახტარმა" ჩეხური ლუდის „სტაროპრამენის" ჩამოსხმის ლიცენზია მიიღო.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. გლობალური ჩეხური ბრენდის „სტაროპრამენის" ლიცენზირებული მწარმოებელი საქართველოში ლუდსახარში „ნატახტარი" გახდა, განუცხადა Sputnik-საქართველოს „ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკაშვილმა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ლუდის წარმოების ლიცენზიის მოპოვება, რადგან ამით ფაქტობრივად, მოხდა „ნატახტარის" აღირება, როგორც კომპანიის, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უმაღლესი ხარისხის ლუდს ვაწარმოებთ"-აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკაშვილმა.

ლიცენზიის მოპოვებას ერთი წელი დასჭირდა. მისმა მფლობელმა ქართულმა კომპანიამ წელიწადში 5 მლნ ლიტრი უნდა აწარმოოს. ამ ეტაპზე დაახლოებით 100 000 ლიტრია უკვე ჩამოსხმული და ის იყიდება კიდეც სავაჭრო ობიექტებში.

ქერის კულტურა და ლუდის გამოხდის 25 საუკუნოვანი ტრადიცია საქართველოში

რაც შეეხება მის ფასს, ნიკოლოზ ხუნძაკაშვილი ირწმუნება, რომ ის საქართველოში უფრო იაფია ვიდრე თვითონ ჩეხეთში. შეფუთვა ანალოგიურია, თუმცა ჩეხურმა კომპანიამ საქართველოსთვის გამონაკლისი დაუშვა და ქართულ ლუდსახარშს პროდუქციის 2.5 ლიტრიან პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმის უფლება მისცა.

საქართველოში ჩამოსხმული „სტაროპრამენი" მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე უნდა გაიყიდოს, რადგან მისი ექსპორტირების უფლება ქართულ მხარეს არ გააჩნია.

„სტაროპრამენი" ჩეხეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია და ის 1869 წლიდან იწარმოება. მისი ექსპორტი 37-მდე ქვეყანაში ხორციელდება.

„სტაროპრამენის" გარდა ნატახტარი მომხმარებელს ლუდის 10 ბრენდს სთავაზობს.