თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ბათუმში გამართული ევროპის მე–19 ჩემპიონატის გამარჯვებული მამაკაცთა შორის ხორვატი ივან სარიჩი გახდა.
ხორვატმა დიდოსტატმა 8,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო პოლონელ რადოსლავ ვოიტაშეკს. მესამე ადგილზე რუსი სანან სიუგიროვი გავიდა, რომელმაც ასევე 8 ქულა დააგროვა, მაგრამ ვოიტაშეკს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.
27 წლის სარიჩისთვის, რომელსაც ფიდეს რეიტინგში 90–ე ადგილი უკავია, კონტინენტის პირველობაზე გამარჯვება კარიერაში პირველია.
ქართველ მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო იყო მიხეილ მჭედლიშილი, რომელმაც 6,5 ქულით 53–ე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (58–ე ადგილი ფიდეს რეიტინგში) შემაჯამებელ ოქმში მხოლოდ 136–ე ადგილი დაიკავა (მონაწილეობდა 150 მოჭადრაკე).
ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 100 ათასი ევრო; აქედან 20 ათასი ტურნირის გამარჯვებულს ერგო.