ვინ შეაჩერებს ლისის ტბაზე ქაოსურ მშენებლობებს

მერია არ დაეთანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმებს დიღმის ჭალებშიც, ასევე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობასა და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმებების გასაბათილებლად.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ტერიტორიის განვითარების გეგმის შემუშავებამდე უნდა შეჩერდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, რომელზეც მიწათსარგებლობის ახალ გეგმაზე იმსჯელეს.

თბილისში მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა გაიზარდა

ლისის ტბის — თბილისის გარეუბანში არსებული წყალსაცავის მაქსიმალური სიღრმე 4 მეტრია. ტბის ირგვლივ ახალი 3-კილომეტრიანი საფეხმავლო და ველობილიკია მოწყობილი. ბოლო წლებში ლისის ტბასთან ახლოს აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.

თბილისელებისთვის ესოდენ საყვარელი ლისის ტბის ბუნებრივი მახასიათებლები საფრთხის ქვეშაა, აღნიშნა მერმა.

„აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოსური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა. ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი", — განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ამ დროისათვის ტერიტორიის პოტენციალის შესწავლა მიმდინარეობს. ქალაქის ურბანული განვითარების სამსახურს განვითარების ჩარჩო-გეგმის მომზადების დავალება უკვე მიცემული აქვს.

„ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იქ მცხოვრები ადამიანების, ასევე ვისაც მომავალში იქ უნდა ცხოვრება, იმ ადამიანებისა და იმათ ინტერესებს, ვისაც ამ ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელება სურს", — აღნიშნა კალაძემ.

მერია არ დაეთანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმებს დიღმის ჭალებშიც, ასევე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობასა და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმებების გასაბათილებლად.

მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები თბილისში 10-ჯერ გაიზრდება

„დოკუმენტებში გამოვლინდა საკმაო დარღვევები, ამიტომ ამ კონკრეტულ ადგილებში მშენებლობა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია", — განაცხადა კალაძემ.

ამ ტერიტორიებზე მშენებლობის განხორციელების მოთხოვნით ქალაქის მერიაში შესულ 600-მდე განცხადებას უარყოფითი პასუხი გაეცა, რამდენადაც რიგ შემთხვევებში ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის გაზრდის შესახებ წარმოდგენილი მოთხოვნები ქალაქის განვითარების პარამეტრებს არღვევდა, აღნიშნა მერმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქაოსურ მშენებლობებს ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც მერის უფლებამოსილების აღსრულება დაიწყო. მარტში ძალაში შევიდა კანონში ცვლილებები, რომელთა თანახმად, მშენებლობის წესების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდა. თბილისის ტერიტორიაზე ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმის თანხა ათჯერაც კი გაიზარდა.