სტუდენტებმა ავსტრიაში მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული 90 ქართველის სია აღმოაჩინეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მზად არიან დაეხმარონ სტუდენტებს, რათა მათ განაგრძონ გამოძიება პროექტის „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები" ფარგლებში.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის არქივებში ინფორმაცია მოიძიეს 90 ქართველის შესახებ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად არიან მიჩნეული, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სტუდენტებმა საკონცენტრაციო ბანაკის არქივები შეისწავლეს და აღმოაჩინეს ინფორმაცია იმ ქართველების შესახებ, რომელთა გვარები ბანაკში დაღუპული ქართველების სიებში არ ფიგურირებდა.

კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა მის ავტორებს — სტუდენტებს სალომე სალაძესა და მარიამ ბექაურს პირობა მისცეს, რომ პროექტის „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები" მომდევნო ეტაპების განხორციელებაში დაეხმარებიან.

უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცების საფლავები აღმოაჩინეს

„1938-1945 წლებში აქ ტყვედ იმყოფებოდა 190 ათასი ადამიანი, აქედან დაახლოებით 90 ათასი სასტიკი რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ბანაკის ტერიტორიაზე ათობით ქვეყანას ნაციონალ-სოციალისტურ რეჟიმს შეწირული თავიანთი მოქალაქეების სახელზე სიმბოლური დაფა აქვს აღმართული. ამას 2018 წლის 17 თებერვალს ქართველების ხსოვნის მემორიალური დაფაც დაემატა", — განაცხადა სალაძემ.

მისი თქმით, სტუდენტები ახლა დაღუპულთა ნათესავებს ეძებენ. ინფორმაცია თავიანთი წინაპრების შესახებ ამჟამად უკვე 21-მა ოჯახმა მიიღო.

„ეს გახლავთ პირველი კვლევა, რომელმაც რეალურად აღმოაჩინა 90 ქართველი ჯარისკაცის კვალი ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და განსაკუთრებით მძიმე პირობების საკონცენტრაციო ბანაკში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებას, ასევე თანამშრომლობას მასმედიასთან, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები", — განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი გერმანიის მიერ დაპყრობილ ავსტრიაში 1938 წელს აშენდა. ის მიუნხენთან ახლოს განთავსებული დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის „ფილიალი" გახდა.

საკონცენტრაციო ბანაკი წარმოადგენდა სისტემას, რომელიც შედგებოდა ცენტრალური ბანაკისა და ყოფილი ავსტრიის (ოსტმარკის) მთელ ტერიტორიაზე გაფანტული 49 „ფილიალისგან".

პირველი ორი ათასი საბჭოთა სამხედრო ტყვე იქ 1941 წლის ნოემბერში მოხვდა.