საქართველოში Boeing-ისა და Airbus-ის სათადარიგო ნაწილების წარმოება მაისიდან დაიწყება

Boeing-ისა და Airbus-ის სათადარიგო ნაწილების წარმოებისთვის საწარმოს მშენებლობა და აღჭურვა აპრილის ბოლოს დასრულდება.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თბილისში 10 მაისს გაიხსნება საქართველო–ისრაელის ერთობლივი საწარმო, რომელშიც დაამზადებენ სათადარიგო ნაწილებს ისეთი კომპანიების თვითმფრინავებისთვის, როგორიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინვესტიციების ოდენობა ახალ საწარმოში 93 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მისი გახსნისთვის დაფუძნდა ერთობლივი კომპანია Aerostructure Technologies Cyclone (ATC).

საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 50-ჯერ შეიძლება გაიზარდოს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობა და აღჭურვა აპრილის ბოლოს დასრულდება, ხოლო გაყიდვებისთვის სერტიფიკაციის ყველა პროცედურას საწარმო წლის ბოლომდე გაივლის.

თბილისის საწარმო ისრაელის კომპანიის Elbit Systems ქარხნის ანალოგი გახდება. იქ დამზადდება თვითმფრინავების სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები, მათ შორის კარები, აეროდინამიკური საფარი. ყველა პროდუქცია გამოვა ბრენდით Elbit Systems — Cyclone.

ამ საწარმოს ყველა პროდუქცია ექსპორტზე გავა.

სავარაუდოდ, შვიდი წლის შემდეგ, როდესაც საწარმო მთელი ძალით ამუშავდება, მისი ბრუნვა წელიწადში 60 მლნ დოლარს გადააჭარბებს.

Elbit Systems ისრაელის ყველაზე დიდი კერძო თავდაცვითი კონცერნია, რომელიც დაკავებულია საავიაციო პროდუქტების დამზადებითა და გადაზიდვებით.