ქართველების და „კანონიერი ქურდის" „თანამშრომლობა": საბერძნეთში ქართველები დააკავეს

ბრალდებულებს საბერძნეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად საბერძნეთში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დამნაშავეები, რომლებიც ქალაქ ათენში დააკავეს, საქართველოს მოქალაქეები არიან: 1965 წელს დაბადებული ვ.ხ., 1983 წელს დაბადებული ბ.თ., 1978 წელს დაბადებული მ.ფ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ჯ..

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. დაკავებულებს საბერძნეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული.

მადრიდში ქურდობის ბრალდებით ოთხი ქართველი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ე.წ. „კანონიერ ქურდთან", რომლისგანაც იღებდნენ დავალებებს და  „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები.

გამოძიება მიმდინარეობს საბერძნეთის სსკ-ის 187-ე, 374-ე, 13-ე, 45-ე და 98-ე მუხლებით, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.