წარმატებული ქალი: გამოცდილების გაზიარება თბილისში

კონფერენციაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონები მონაწილეობენ
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. მეოთხე ყოველწლიური  კონფერენცია სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში” დაიწყო თბილისში.

ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით და ევროკავშირის ინიციატივით ტარდება. ღონისძიების მიზანია — ქალთა როლის გაძლიერება ქვეყნის მართვის, ბიზნესის კუთხით და სამოქალაქო სექტორში. კონფერენცია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

„დღევანდელი ღონისძიება ეხება სწორედ ქალ-მეწარმეებს. ყველა ის პრობლემა, რომელიც გაგვაჩნია თანასწორობის კუთხით, ეს იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, სხვაობა ხელფასებში, ძალადობის პრობლემა და ა.შ., გამოწვეულია იმით, რომ ქალთა დამოუკიდებლობა შეზღუდულია“, — განაცხადა ჩუგოშვილმა.

გენდერული თანასწორობისკენ: დეპუტატების ნახევარი ქალი იქნება

ეკონომიკური დამოუკიდებლობა ქალს უფრო ძლიერს ხდის, აღნიშნა მან.

თბილისის მერმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ აქტიურ ქალბატონებს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

„მინდა ვიხილო ძალიან ბევრი ქალბატონი ბიზნესსა და პოლიტიკაში… მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა და მათი ხელით იქმნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც. მინდა წარმატებები გისურვოთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი იყოს რეალიზებული სხვადასხვა მიმართულებით“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

Каха Каладзе на конференции "Роль женщины в росте экономики и в разработке реформ"

სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, მოვახერხებთ იმ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც თანასწორი უფლებები იქნება, აღნიშნა კალაძემ.

კონფერენციაში მონაწილეობენ წარმატებული ქალები როგორც კერძო და სახელმწიფო სექტორიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ოთხი დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ წარმატებული ქალების მაგალითები ღონისძიების დანარჩენი მონაწილეებისთვის სტიმულად და შთაგონებად იქცევა.

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 30 მარტს დასრულდება, დასახელდება წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.