კვირიკაშვილი: რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დამნაშავეების დასასჯელად საქართველო ყველა სამართლებრივ ნაბიჯს გადადგამს.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ბოლო დღეებში განვითარებული მძიმე მოვლენების მიუხედავად, სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგებისა და ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილის ინციდენტამდე ახორციელებდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში 22 თებერვალს საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად დააკავეს. 23 თებერვალს კი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ქართულ მხარე აღნიშნულ ვერსიას არ იზიარებს და დარწმუნებულია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

„რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში, მათ შორის, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად — ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში, სადაც ცხადად, შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს პასუხს იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე", – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის პასუხად თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.