თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ზურაბ მამაგულაშვილის დოკუმენტურ ფილმს „რატომ არ აქვთ ღორებს სახელები?" შვეიცარიის კინოფესტივალზე Visions Du Réel წარადგენენ.
ფესტივალი 13-21 აპრილს ქალაქ ნიონში გაიმართება. ქართულ 33-წუთიან ფილმს ინგლისურ და ფრანგულენოვანი ტიტრებით 17 და 20 აპრილს აჩვენებენ სექციაში „ღია სცენები".
„კეისარი“ ლამაზი და მხიარული გოჭია. პატრონს უყვარს ის. წითელ სვიტერსაც კი უქსოვს, რომ თბილად ჰყავდეს. მაგრამ განა ეს მისი ბედის ფინალს შეცვლის? ფილმი მოგვითხრობს ჩვენს დამოკიდებულებაზე ცხოველებთან, რომელთაც ყოველდღიურად მივირთმევთ, თუმცა მაინც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ძალიან გვიყვარს ისინი", — ნათქვამია კინოფესტივალის ვებ-გვერდზე მამაგულაშვილის ფილმის შესახებ.
ფილმმა უკვე გაიმარჯვა საქართველოს სტუდენტური დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე GIPA Doc U.
Visions Du Réel – ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ფესტივალია. ის 1969 წელს დაარსდა და ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ფართოდ არის წარმოდგენილი დოკუმენტური კინემატოგრაფიული შემოქმედება პოსტსაბჭოთა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
ფესტივალთან ფუნქციონირებს კინობაზარი, სადაც რეჟისორები და კინოპროდიუსერები ხვდებიან და ერთმანეთში კონტაქტებს ცვლიან.
წელს ნიონის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 174 ფილმი 53 ქვეყნიდან, მათ შორის, ფესტივალის პრემიის პრეტენდენტი 10 ფილმი.