კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

„რამაზ ბაღდატსკი“, რომელსაც 1990-იანების ბოლოდან კანონიერი ქურდის სტატუსი აქვს, უკრაინაში ისევ დააკავეს
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს 45 წლის მკვიდრი, კანონიერი ქურდი რამაზ წიქორიძე, იგივე რამაზ „ბაღდატსკი“ კიევის ოლქში დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წიქორიძე კანონიერ ქურდად 1998 წელს აკურთხეს. უკრაინაში ის 2011 წელს ჩავიდა. ამ წლების განმავლობაში ის რამდენჯერმე დააკავეს და გააძევეს ქვეყნიდან, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა მან სხვისი სახელით რამდენჯერმე მოახერხა. 

საქართველო ამკაცრებს ბრძოლას კანონიერ ქურდებთან: წავლენ თუ არა დამნაშავეები სომხეთში

„დადგენილია, რომ „რამაზ ბაღდატსკი“ უკავშირდებოდა სხვა „კანონიერ ქურდებს“, შეხვედრებზე ისინი დამნაშავე სამყაროში გავლენის სფეროების გადანაწილებაზე თანხმდებოდნენ. მიმართულებები, რომელთა ხელმძღვანელობას საქართველოს მკვიდრი ცდილობდა — რეიდერობა და ბინის ქურდობებია“, — განაცხადა ეროვნული პოლიციის კიევის მთავარი სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ.

ამ მომენტისთვის „კანონიერი ქურდი“ ჩერნიგოვსკის ოლქში, უცხოელთა დროებითი განთავსების პუნქტში იმყოფება. მას მოქალაქეობა არ გააჩნია. „კანონიერი ქურდის“ პირადი მონაცემების ოფიციალური დადგენის შემდეგ მისი უკრაინიდან გაძევების საკითხი გადაწყდება.

„კანონიერი ქურდი“ ─ ეს სპეციფიკური კრიმინალური სტრუქტურაა, რომელიც მხოლოდ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. „კანონიერი ქურდები“ დანაშაულებრივი სამყაროს იერარქიაში უმაღლეს საფეხურს იკავებენ.