ბისერებისგან დამზადებული ხეები, ანუ რატომ სჯერათ ჩვენში მათი მაგიური ძალის

ბოლო წლებში საქართველოში ერთი სასიამოვნო ტენდენცია შეიმჩნევა: ასეთი მასობრივი უმუშევრობის პირობებში სახლში დარჩენილი ქართველი დიასახლისების უმრავლესობა დეპრესიისგან თავდასაღწევად და სულის გადასარჩენად ხელოვნებას მიმართავს. მას ეფარება ყველა, ვისაც სილამაზის დანახვის უნარი აქვს და სურს, რომ ეს სიკეთე სხვებსაც გაუზიაროს.
Sputnik

ამის კიდევ ერთ დასტურად გვინდა ზესტაფონში მცხოვრები ერთი დიასახლისი გაგაცნოთ. ქალბატონმა ია ფრანგიშვილმა ერთ მშვენიერ დღეს ფერადი ბისერებისგან სახლის ინტერიერის გასალამაზებელი ნივთების დამზადება დაიწყო, თანაც ინტერნეტის დახმარებისა და ყოველგვარი სწავლების გარეშე. 

ია ფრანგიშვილი

– ქალბატონო ია, სამხატვრო განათლება არ გაქვთ მიღებული?  

— სამხატვრო – არა, მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და პროფესიით არ მიმუშავია. თუმცა, ხატვა თავიდანვე მაინტერესებდა. დიდი ხანია, რაც სახლში ვარ და ოჯახს ვუვლი. არასოდეს მომსვლია თავში აზრად, რომ მოძველებული სამკაულებისგან რაიმე გამეკეთებინა. პირველად მსგავსი ნაკეთობა მაღაზიაში ვნახე და ძალიან მომეწონა. დამაინტერესა როგორ მზადდებოდა და დავაკვირდი. ბევრი ვეძებე ჩემ რაიონში, თუ ვინ აკეთებდა მსგავს ნივთებს, მაგრამ როცა გავიგე, იმ ადამიანთან მისვლა მომერიდა. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს თავად ავიღე ხელში მავთული, ძველი მარგალიტის მძივები და ვცადე. ჩემდა გასაოცრად, პირველივე მცდელობისთანავე გამომივიდა, ალბათ ყველაფერი ინტერესიდან მოდის. 

ია ფრანგიშვილის ნამუშევრები

– მარტო ინტერესი არაფერს უშველის, ნიჭიც საჭიროა…

— რა ვიცი, ამბობენ, რომ ნიჭიერი ვარ, თუმცა მიკვირს, რა ნიჭი უნდა ამის გაკეთებას? ბისერებისგან მარტო ყვავილებს და ხეებს არ ვამზადებ, ადრე სამკაულებსაც ვაკეთებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, მხედველობა ძალიან დამიქვეითდა, ამიტომ სამკაულებზე ვეღარ ვმუშაობ. თქვენ წარმოიდგინეთ, პირველივე ნივთი რთული ქსოვით გამიკეთებია, ისე, რომ ამის შესახებ არც ვიცოდი. მაშინ, ანუ ხუთი წლის წინ, როცა ეს საქმე წამოვიწყე, ინტერნეტიც არ მქონდა. დღეს კი, როცა ვიდეო-გაკვეთილებს ვადევნებ თვალს, მიკვირს, ნეტავ მაშინ ყოველგვარი სწავლის გარეშე როგორ გავაკეთე–მეთქი. როცა მინდოდა იის ან ვაზის ფოთოლი გამეკეთებინა, უბრალოდ ვცდილობდი რეალურისთვის მიმემსგავსებინა, რადგან მისი დამზადების ტექნოლოგიაზე წარმოდგენა არ მქონდა. თურმე, ბისერებით ქსოვის სხვადასხვა ტექნიკა არსებობს, უბრალოდ მე არ ვიცოდი. მათგან ზოგს ფრანგული ქსოვა ჰქვია, ზოგს — ინგლისური. დღეს მასტერ-კლასებს ვუყურებ და ყველაფერს ინტერნეტიდან ვსწავლობ.

ია ფრანგიშვილის ნამუშევრები

– ამბობენ, რომ მსგავს ხელნაკეთ ხეებს მარტო ესთეტიკური ღირებულება არ აქვს, რაღაც მაგიაც გააჩნიათო, თქვენ გჯერათ ამის? 

— დიახ, იციან ხოლმე თქმა, რომ ეს სიცოცხლის ხეაო, ეს — სიყვარული ხე, ეს ბედნიერების ხე და ეს – ბარაქისო. ალბათ ასე იმიტომ ამბობენ, რომ ამ ნივთების გაყიდვა უნდათ, თორემ მაგიური ძალის მე პირადად არ მწამს. თუმცა, ადამიანები ზოგადად იჯერებენ ყველაფერს, რისი დაჯერებაც უნდათ. მთავარია, თავი არ მოიტყუონ და მთლიანად ასეთი ნივთების იმედზე არ დარჩნენ… ჩემი აზრით, თუ ნივთზე სიამოვნებით მუშაობ, ალბათ მათგან მართლა მოდის დადებითი, პოზიტიური ენერგია. რასაც ვაკეთებ, ისედაც სიყვარულით, და სიყვარულისთვისაა შექმნილი. ერთხელ შემკვეთმა მთხოვა, 80-სანტიმეტრიანი ხე დამემზადებინა. ეს ყველაზე დიდი ხეა, რაც კი გამიკეთებია. ამ ხის გაკეთებას ძალიან ვჩქარობდი და ორ თვეში უკვე მზად მქონდა, მაგრამ იმ ადამიანს შვილი გაუხდა ცუდად, ვერ წაიღო და ის ხე მე დამრჩა. მაგრამ ყველაფერს ფული ხომ არ წყვეტს, ოღონდ შვილი ჰყავდეს კარგად და იმ ხეს სულაც ვაჩუქებ… საერთოდ, საქართველოში ხალხს ფინანსურად ძალიან უჭირს და ასეთ დიდ ნაკეთობას ვერ ყიდულობენ.

ია ფრანგიშვილის ნამუშევრები

– თქვენ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ეს საქმე შემოსავლის წყარო არ გამხდარა. სოციალური ქსელის მიღმა თუ გამოგიფენიათ თქვენი ხელნაკეთები?

— ჩემ ნივთებს ძირითადად სოციალური ქსელის პირად გვერდზე ვაქვეყნებ. მართალი ხართ, ეს საქმე ბიზნესად არ მიქცევია. უმეტესობა გაჩუქებული მაქვს, სახლში მხოლოდ 30-მდე ხე დამრჩა. რამდენიმე წლის წინ ზესტაფონში ნარგიზა ერგემლიძის, ლალი შიუკაშვილისა და ჩემი ნაკეთობების ერთობლივი გამოფენა ჩატარდა. ის იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ასე სახალხოდ გამოვფინე ისინი. მას მერე ორი წელი არაფერი გამიკეთებია. ახლა მუზა მოდის ხოლმე და სულ მაიძულებს, არ გავჩერდე და რაღაც ვაკეთო. მე ვფიქრობ, ცხოვრებაში რაღაცის სიყვარული უნდა გქონდეს, რომ იმან გიშველოს და იმედგაცრუებისა და ხელის ჩაქნევისგან გადაგარჩინოს…