თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ოჯახები, რომლებიც ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალდნენ, ბათუმში საცხოვრებელ ბინებს მიიღებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi აჭარის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
სოფელ წაბლანაში 1989 წელს მიწისძვრის შედეგად მთის ნაწილი ჩამოინგრა.
მთლიანობაში საუბარი ეხება 208 ოჯახს. ეკომიგრანტები საცხოვრებელ ბინებს ტაბიძის ქუჩაზე მდებარე 16-სართულიან კორპუსში მიიღებენ, ამავე კორპუსში მიიღებს ბინებს 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახიც, რომლებიც აჭარაში არიან რეგისტრირებული.
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი გამოიყო. კორპუსის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და ეკომიგრანტებმა რეგისტრაცია ბათუმში, აღმაშენებლის 19 ნომერში უნდა გაიარონ.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.