თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ცნობილი იტალიური პოპ-ჯგუფის Ricchi e Poveri-ს კონცერტი თბილისში 14 დეკემბერს ჩატარდება.
არტისტების გამოსვლა ჯგუფის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. Ricchi e Poveri შეასრულებენ 80-იანი წლების ისეთ ჰიტებს, როგორიცაა Mamma Maria, Questo amore და Sarà perché ti amo. კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება.
დღეისათვის Ricchi e Poveri – დუეტია – ანჯელა ბრამბატი და ანჯელო სოტჯუ, მათ სიმღერებს ათობით წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში მილიონობით მსმენელი უსმენს.
კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Fix group-ი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე.
Ricchi e Poveri საქართველოში უკვე მეორედ იმღერებს. 2015 წელს მუსიკოსები ბათუმში გამოვიდნენ ფესტივალ „ბათუმის ჰიტი 2015“-ის ფარგლებში.
Ricchi e Poveri (იტალ. მდიდრები და ღარიბები) — პოპ-ჯგუფი, რომლის პოპულარობამ პიკს 80-იან წლებში მიაღწია. თავდაპირველად ეს იყო კვარტეტი, 1981 წელს იქცა ტრიოდ, ხოლო 2016 წელს დუეტი გახდა.
ჯგუფი Ricchi e Poveri ორი ჯგუფის — I Jets-ისა და I Preistorici-ს დაშლის შედეგად გენუაში 1967 წელს შეიქმნა.
დღეისათვის ჯგუფის ფირფიტები 20-მილიონიანი ტირაჟით არის გამოშვებული.
14-წლიანი პაუზის შემდეგ 2012 წელს Ricchi e Poveri-მ პირველი ალბომი გამოუშვა სახელწოდებით Perdutamente Amore, რომელშიც რამდენიმე ახალი სიმღერა შევიდა.