სახელმწიფოს საჩუქარი: ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ საცხოვრებელი სახლი 1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 29 ეკომიგრანტ ოჯახს შეუძენს სახლს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, 25 000 ლარის ფარგლებში, საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიონ უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი.

გარდა ამისა, 2018 წელს კიდევ 445 ოჯახის განსახლება იგეგმება აჭარის მთავრობასთან ერთად. 

ევროკავშირიდან დეპორტირებულ მოქალაქეებს საქართველო დახმარებას სთავაზობს

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ საცხოვრებელი სახლი 1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა. 

ეკომიგრანტის სტატუსი კანონით განსაზღვრული არაა. თუმცა, დევნილთა და განსახლების მინისტრის № 779-ე ბრძანებით, განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც ეკომიგრანტებად მიიჩნევიან. ამ ბრძანების მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულად და გადაადგილებას დაქვემდებარებულად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება პირი, რომლის სახლიც დანგრეულია და ვერ აღდგება, ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

აღნიშნული ბრძანება განსაზღვრავს ეკომიგრანტების შეფასების კრიტერიუმებსაც, რომელიც მათ გარკვეულ ქულებს და შესაბამის პრიორიტეტებს ანიჭებს.