ირანის კინოფესტივალზე ექვსი ქართული ფილმი წარდგება

კინოფესტივალ „ფაჯრის“ საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა ქართულ კინემატოგრაფს და აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართულ კინოს გამოარჩევს ახალი ხედვა, კაშკაშა შემოქმედებითი ნიჭი, მაღალი ხარისხისკენ მისწრაფება და კინოკადრის სილამაზე
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თანამედროვე ქართული კინო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი რიგით 36-ე საერთაშორისო კინოფესტივალ „ფაჯრზე“ (FIFF — Fajr International Film Festival), რომელიც თეირანში 19-27 აპრილს გაიმართება.

საქართველოს კინემატოგრაფს წარადგენს ექვსი სურათი, რომელიც 2016-2017 წლებშია გადაღებული, ნათქვამია ფესივალის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული კინოს მიმართ მსგავსი ინტერესის მიზეზები „ფაჯრის“ საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელმა, კამიარ მოჰსენინმა განმარტა. ერთის მხრივ, ეს უკავშირდება გიორგი ოვაშვილის ფილმ „ხიბულას“ წარმატებას, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეს ეძღვნება. ფილმში მთავარი როლი ირანელმა მსახიობმა ჰოსეინ მახჯუბმა შეასრულა, რომელიც ფილმში „სამოთხის ფერი" (რეჟისორი მაჯიდ მაჯიდი, 1999) შესრულებული როლით არის ცნობილი.

საფრანგეთის ფესტივალზე საქართველოს ანიმაცია „მეთევზე და გოგონა“ წარადგენს

მან ასევე აღნიშნა ფილმი „სხვისი სახლი“, რომელიც საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთისა და ხორვატიის კოპროდუქციით არის გადაღებული. იგი საქართველოში 1990 წელს მომხდარ სამოქალაქო ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება.

„გასულ წელს „აღმოსავლურ პერსპექტივებში“ „ფაჯრის“ ფესტივალზე მონაწილეობდა რუსუდან გლურჯიძის ქართული დრამატული ფილმი „სხვისი სახლი“, რომელიც საქართველომ უცხოურ ენაზე საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში „ოსკარზე“ წარადგინა. ფილმმა მაყურებელში მყისვე მოიპოვა პოპულარობა. ამან გადაგვაწყვეტინა გაგვეცნო აუდიტორიისთვის კიდევ ექვსი ქართული სურათი“, — ფესტივალის ვებგვერდზე მოყვანილია მოჰსენინის ციტატა.

მისი თქმით, თანამედროვე ქართულ კინოს გამოარჩევს ახალი ხედვა, კაშკაშა შემოქმედებითი ნიჭი, მაღალი ხარისხისკენ მისწრაფება და კინოკადრის სილამაზე.

„ფაჯრი“ (FIFF — Fajr International Film Festival) — ყოველწლიური ფორუმია, რომელიც ირანში ისლამური რევოლიციის წლისთავის აღსანიშნავად ტარდება. ფესტივალის სიმბოლოა მითიური ფრინველი სიმურგი. ფესტივალი დააარსდა 1983 წელს, ხოლო 1995 წლიდან საკონკურსო პროგრამას უცხოური ფილმებიც შეემატა.

კინოფესტივალის მთავარი პრიზი — „ბროლის სიმურგი“ ჟიურის გადაწყვეტილებით გადაეცემა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კატეგორიებში. ფილმების ჩვენებები თეირანის გარდა, ზოგიერთი პროვინციის ცენტრსა და მსხვილ ქალაქში მიმდინარეობს.