საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფარერების ნაკრებს მოუგო

საქართველოს ნაკრებმა მესამე შესარჩევ ჯგუფში დროებით მესამე ადგილზე გადაინაცვლა
Sputnik

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გორში ფარერების კუნძულების გუნდს ანგარიშით 1:0 მოუგო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი შესვენების შემდეგ 47-ე წუთზე გაიტანეს. ცოტნე ნადარაიას გადაცემის შემდეგ ნაკრების კაპიტანმა ლუკა ზარანდიამ ბურთი მეტოქის კარში გაგზავნა. უპირატესობის გაორმაგების შანსი გიორგი ხარაიშვილსაც ჰქონდა, მაგრამ ნახევარმცველმა, სამწუხარდ, ააცილა.

სტუმრებმა სახიფათო შეტევით უპასუხეს, მაგრამ იაკუპ ტომსენმა შანსი ვერ გამოიყენა. მეტი საინტერესო მოვლენა მატჩში არ ყოფილა.

საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

ოფიციალური სტატუსის მიუხედავად, შეხვედრას ქომაგებში აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ტრიბუნები ნახევრადცარიელი იყო.

ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა მესამე შესარჩევ ჯგუფში დროებით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. გია ცეცაძის შეგირდების აქტივში ექვსი ჩატარებული მატჩის შემდეგ შვიდი ქულა დაუგროვდა.

ჯგუფში დანიისა და პოლონეთის ნაკრებები ლიდერობენ, რომლებმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს და შესაბამისად 12 და 11 ქულა დააგროვეს. სწორედ დანიის გუნდის წინააღმდეგ გამართავენ ქართველი ფეხბურთელები მომდევნო შესარჩევ მატჩს, რომელიც კვლავ გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 27 მარტს გაიმართება.

U-21 EURO-2019-ის შესარჩევ ციკლში მონაწილეობს 54 გუნდი, რომელიც ცხრა ჯგუფად არის დაყოფილი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ტურნირზე კვალიფიკაციას ავტომატურად იღებს. მეორე ადგილზე მყოფი ოთხი საუკეთესო ნაკრები კონტინენტურ პირველობაზე პლეი-ოფზე კიდევ ორ საგზურს გაათამაშებს.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2019 წლის ზაფხულში იტალიასა და სან-მარინოში გაიმართება.

ტურნირის ფინალურ სტადიაში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს.