თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თბილისის მერიას დაგეგმილი აქვს სტრიტ-არტის დახმარებით ქალაქში უსახური ადგილების გალამაზება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ მის მოადგილეს სოფო ხუნწარიას დავალება მისცა – თბილისში ის ადგილები განსაზღვროს, რომლებსაც მომავალში მოხატავენ.
„მინდა დავავალო სოფიო ხუნწარიას არქიტექტურის სამსახურთან ერთად მოიძიონ ქალაქში კონკრეტული ადგილები, რაც, სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს — უსახური შენობები, კედლები, ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება. ახალგაზრდებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავიანთი ნიჭი ქალაქს მოახმარონ", — განაცხადა კახა კალაძემ.
მერის სიტყვებით, სტრიტ-არტი ეს არის თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის შესაძლებლობა.
„ჩვენ ამ მიმართულებით ერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და საკმაოდ წარმატებული იყო. ვგულისხმობ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვას", — აღნიშნა კალაძემ.
2017 წლის დასაწყისში, ვიდრე მერის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგებოდა, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი მოინახულა, სადაც იმ დროისთვის გაუსაძლისი ვითარება იყო. კალაძის დავალებით მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავეს, დაამონტაჟეს განათება და ტერიტორიის გასალამაზებლად სტრიტ-არტის მხატვრები მოიწვიეს. მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში 30-მდე მხატვარმა იზრუნა.
დედაქალაქში სულ 55 მიწისქვეშა გადასასვლელია, მათგან 33 – კომერციული ფართი და ისინი იჯარით არის გაცემული.