მინსკში ქართული პროდუქციის სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

ბელარუსის დედაქალაქში სპეციალურად ქართული საქონლისთვის 1,2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სავაჭრო ცენტრს ააშენებენ.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. მინსკში გაიხსნება სავაჭრო ცენტრი, რომელშიც მხოლოდ ქართული პროდუქცია გაიყიდება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველომ და ბელარუსმა 2015 წელს მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოში ბელარუსული მაღაზიების ქსელის Belaruski გახსნის შესახებ. პირველი მაღაზია 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა. დღეს თბილისში რამდენიმე ასეთი მაღაზია მუშაობს, სადაც უპირატესად ბელარუსული წარმოების ხორცისა და რძის პროდუქტები იყიდება.

ლუკაშენკო საქართველოს ეწვევა - სამ წელიწადში მეორე ვიზიტი

ინფორმაცია მინსკში ქართული მაღაზიის გახსნის თაობაზე ცნობილი გახდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის პრემიერ–მინისტრის მოადგილის მიხაილ რუსის თბილისში გამართულ შეხვედრაზე.

რუსის განცხადებით, მინსკში 1200 კვ.მ ფართობზე განთავსდება სავაჭრო ცენტრი, რომელშიც ქართული ღვინო, მინერალური წყლები, აგროსამრეწველო და სხვა სასურსათო პროდუქცია გაიყიდება. 

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ორი ქვეყნის ბიზნეს–წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და ბიზნეს–ფორუმზე თბილისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსული და ქართული კომპანიების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ პროექტს, რომელიც საქართველოში ლიფტების ამწყობი ერთობლივი საწარმოს შექმნას გულისხმობს.

ქუმსიშვილმა და რუსიმ ყურადღება ასევე გაამახვილეს თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. 2018 წლის იანვარ-თებერვალში ბელარუსიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19 პროცენტით გაიზარდა. 

საქართველოში ბელარუსული წარმოების ლიფტები გაჩნდება

მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობაზე მედიცინისა და ფარმაკოლოგიის, მათ შორის ტრანსპლანტოლოგიის სფეროში. მათ ასევე განიხილეს ფარმაკოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესაძლებლობა.

თბილისში ბიზნეს–ფორუმზე 22 მარტს შეიკრიბებიან ბელარუსიდან ასამდე კომპანიის წარმომადგენლები და საქართველოს ბიზნეს–სექტორის 190–მდე წარმომადგენელი. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და დაახლოებით 9 მლნ აშშ დოლარის 29 შეთანხმების გაფორმება ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის.

ბიზნესმენების შეხვედრა ჩატარდება თბილისში მინსკის დღეებისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის პარალელურად, რომელიც 22-23 მარტს არის დაგეგმილი.