თბილისში 14 წლის ლუკა არაბიძის გამოფენა გაიხსნება

ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების მთავარი თემაა დიდი ქალაქისადმი მოზარდის სუბიექტური დამოკიდებულება.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. 14 წლის ლუკა არაბიძის გამოფენა „დისკომუნიკაცია" იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლაში“ 23 მარტს გაიხსნება, ნათქვამია მუზეუმის ვებ-გვერდზე.

Tbilisi Art Fair-ი თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებს უმასპინძლებს

გამოფენაზე, რომელიც 1 აპრილამდე გაგრძელდება, არაბიძის ტილოებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ვიდეო-არტი, რომელთაც აერთიანებს ერთი თემატიკა — მოზარდის სუბიექტური დამოკიდებულება დიდი ქალაქისა და სივრცისადმი.

მხატვრის ნამუშევრების მთავარი თემაა ქალაქი მაღალი კორპუსებით, ქაოსითა და გაურკვევლობით — ადგილი, სადაც ხშირად იკარგება, ქრება ხმები, აზრები და იდეები.

„პროექტის კონცეფცია აგებულია გაგების ფსიქოლოგიაზე დიდ ქალაქში, იქ, სადაც სანამ არ გაიზრდები, არ მოგისმენენ. მასში ყველაფერი ერთფეროვანი და სტანდარტულია — სახლები, ფანჯრები, ადამიანები ამ სახლებსა და ფანჯრებს მიღმა", — ნათქვამია თბილისის ისტორიის მუზეუმის ანოტაციაში.

აღსანიშნავია, რომ ეს გამოფენა ლუკასთვის პირველი არ არის. ახალგაზრდა მხატვარს უკვე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა საქართველოში, ასევე მონაწილეობას იღებდა 2011 წელს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში.