„სიურპრიზი" მათ, ვინც სამხედრო სამსახურს თავს აარიდებს

ვისაც რელიგიური შეხედულებების გამო სამხედრო სამსახურის გავლა არ სურს, სახანძრო-სამაშველო სამსახურში წასვლას სთავაზობენ.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ახალწვეულები, რომლებსაც რელიგიური შეხედულებების გამო არ სურთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, ვალდებული იქნებიან საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმსახურონ, იუწყება ტელეკომპანია Imedi ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე დაყრდნობით.

შესწორებებზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.

ხელისუფლება კანონმდებლობის შეცვლაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც პარტია „გირჩმა" ახალგაზრდებისთვის სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების კანონიერი ხერხი მოიგონა. 2017 წელს პარტიამ დაარეგისტრირა ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება" და ახალგაზრდების რელიგიური მსახურების სახით აყვანა დაიწყო.

„პლანი მუშაობს": „გირჩმა" 3000-მდე წვევამდელი „დააბოლა"

კანონის თანახმად, თუ ახალგაზრდა წარადგენს ცნობას, რომ ის მღვდელმსახურია, მისთვის შესაძლებელია სამხედრო სამსახურის გადავადება. შედეგად, „გირჩის" მეშვეობით ამ დროისთვის ხელისუფლებამ ჯარში 3 ათასზე მეტი ახალგაზრდა ვერ გაიწვია.

„საუბარია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ახალ ხედვაზე. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, ჩვენ გავიწვევთ, შევქმნით პირობებს იმისთვის, რომ მათ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ, დაეუფლონ მეხანძრე–მაშველის უნარ-ჩვევებს და უკვე კონკრეტული უნარ-ჩვევებით სარეზერვო სამსახურშიც ჩაირიცხონ", — განაცხადა უწყების უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

სარეზერვო სამსახური ოთხ სახეობად იყოფა: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო. 1 ივნისიდან ამოქმედდება სარეზერვო სამსახურის ახალი სისტემა — აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური რეზერვი, თავის მხრივ, შედგება შეიარაღებული ძალების რეზერვისგან, ტერიტორიული რეზერვისგან და სპეციალისტთა რეზერვისგან. ეს სამსახური 45 დღეზე მეტი არ იქნება.

გარდა ამისა, ალტერნატიული სამსახურის გავლის შემდეგ მოქალაქეებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

მიღებულია ახალი კანონი სარეზერვო სამსახურის შესახებ

„ისინი ასევე გაივლიან წინასწარ მომზადებას, რაც გულისხმობს ძირითადი უნარების გამომუშავებას. ჩვენ ამ ხალხს შევუქმნით ასევე პირობებს, რომ შემდეგ უკვე დასაქმდნენ კიდეც ჩვენთან. გარკვეულწილად ეს არის პასუხი სახელმწიფოს მხრიდან იმ კამპანიაზე, როდესაც არაჯანსაღი ხასიათი აქვს მიღებული რელიგიური ნიშნით ჯარისთვის თავის არიდებას", — დასძინა ხუციშვილმა.

ინიციატივის თანახმად, ახალწვეულები არ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას ხანძრის ჩაქრობაში, მხოლოდ პროფესიონალებს დაეხმარებიან.

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ხანძრის ჩაქრობაში თუ სხვა სახის სამაშველო ოპერაციაში არ ჩაერთვებიან და შეასრულებენ დამხმარე ფუნქციებს, რათა მათი სიცოცხლე იყოს დაცული. მეორე მხრივ, ამით ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული რესურსების ნაკლელობა, რომელიც არსებობს, შევავსოთ და უკვე რეზერვისთვის იყოს მომზადებული ხალხი", — განაცხადა ხუციშვილმა.