საქართველოს ჩემპიონატი ტყვიის სროლაში დედა-შვილმა მოიგო

ჩემპიონატზე დედა-შვილმა და-ძმას აჯობა.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ და მისმა ვაჟმა ცოტნე მაჭავარიანმა შერეულ წყვილთა შორის ტყვიის სროლაში საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს.

ნინო სალუქვაძე — სპორტსმენი, რომლის ანგარიშზეც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალია

ოჯახურმა დუეტმა შემაჯამებელ ოქმში 759 ქულა დააგროვა და და-ძმას — მეგი და ლევან ქადაგიძეებს სძლია.

ბრინჯაო მიიღეს ნინო ხუციბერიძემ და შოთა გირგვლიანმა ქუთაისიდან.

ქალთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებებში სალუქვაძემ — სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა მხოლოდ ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო. ტიტულოვან სპორტსმენს, რომელმაც 555 ქულა დააგროვა, მეგი ქადაგიძემ (558) და მარიამ ჩაგანავამ (567) გაუსწრეს.