პასუხი აბესაძეს: აბსურდულ განცხადებებთან დაკავშირებით უწყება კომენტარს არ აკეთებს

ივანე აბესაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამი თვის განმავლობაში მუშაობდა და თანამდებობა არაერთი დარღვევის გამო დაატოვებინეს.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ივანე აბესაძე უწყებას უკანონო მიყურადებაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ვის უთვალთვალებდნენ „დინამოს“ სტადიონთან თბილისში

ამის შესახებ აბესაძემ „ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის წევრ გივი თარგამაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

აბესაძის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველო-თურქეთის საზღვრის გავლით აფთიაქების კონტრაბანდული მედიკამენტებით მომარაგება და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ყალბი რეცეპტების გაცემა. ამასთან ერთად, ადგილი აქვს ფინანსური დოკუმეტების გაყალბებას.

აბესაძის თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია ხელმძღვანელობას არაერთხელ მიაწოდა, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება შესაბამისი არ ყოფილა.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „Sputnik–საქართველო" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა.

„აბსურდულ განცხადებებთან დაკავშირებით უწყება კომენტარს არ აკეთებს", — განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.

მათი განმარტებით, ივანე აბესაძე უწყებაში სამი თვის განმავლობაში მუშაობდა და თანამდებობა არაერთი დარღვევის გამო დაატოვებინეს.